15 ივლისს ევროკავშირის საბჭომ 2027 წლის 31 აგვისტომდე გაუგრძელა ვადა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებზე – მაგდალენა გრონოს.
ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლებს წარადგენს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში და ნიშნავს ევროკავშირის საბჭო. ამ გზით ევროკავშირი ახორციელებს თავის პოლიტიკას სპეციფიკურ რეგიონებსა და ქვეყნებში, აგრეთვე ცდილობს ხელი შეუწყოს განსაკუთრებული ინტერესის საკითხების მოგვარებას. სპეციალური წარმომადგენლები ასრულებენ აქტიურ როლს რეფორმების გაძლიერების, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობისკენ მიმართულ ძალისხმევაში.
ევროკავშირის პირველი სპეციალური წარმომადგენელი 1996 წელს დაინიშნა. დღესდღეობით ევროკავშირს ჰყავს 11 სპეციალური წარმომადგენელი. ისინი ხელს უწყობენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის – კაია კალასის საქმიანობას.
მაგდალენა გრონო სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებზე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებს 2024 წლის 1 ნოემბრიდან, როცა მან ტოივო კლაარი შეცვალა.
ფორუმი
