ევროკავშირის დაფინანსებით, ეგვიპტე მზის ელექტროსადგურებს ააშენებს – ინვესტიცია $20 მილიონია

ეგვიპტის ხელისუფლება მზის ორი ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 1 მილიარდ ეგვიპტურ ფუნტს, ანუ 20 მილიონ დოლარს, აღწევს – პროექტისთვის დაფინანსებას ევროკავშირი გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტის ნავთობის სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური განცხადების თანახმად, პირველ, 550 მილიონ ეგვიპტურ ფუნტად შეფასებულ ელექტროსადგურს 10 მეგავატი სიმძლავრე ექნება და მისი მშენებლობა მომდევნო 11 თვის განმავლობაში დასრულდება.
რაც შეეხება 500 მილიონ ეგვიპტურ ფუნტად შეფასებულ ელექტროსადგურს, მისი მოცულობა 6.5 მეგავატი იქნება და ეგვიპტის ნავთობის კორპორაციის ტერიტორიაზე განთავსდება.
აღნიშნული პროექტები კი EU-ს გრანტით დაფინანსდება.
ინდუსტრიის მოთამაშეები აღნიშნავენ, რომ დასხივების მაღალი დონისა და უდაბნოს საფარის წყალობით, ეგვიპტეს, განახლებადი ენერგიების მიმართულებით, დიდი პოტენციალი აქვს. სწორედ ამიტომ, მთავრობის მიზანია, 2030-35 წლების შუალედში, ქვეყნის ელექტროენერგიაში განახლებადი რესურსების წილი 42%-მდე გაიზარდოს.
ეგვიპტე აქტიურად ცდილობს საკუთარი თავის, როგორც “განახლებადი ენერგიის ჰაბის” პოზიციონირებას, თუმცა ჩრდილოეთ აფრიკისა და შუა აღმოსავლეთის რეგიონებში ის სერიოზულ კონკურენციას აწყდება.

ასევე დაგაინტერესებთ