აშშ-ში მცხოვრები ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
„ევროკავშირის გადაწყვეტილებამ ბოლო საარჩევნო პლატფორმაც გაუნულა გაერთიანებულ ოპოზიციას.
აღარ არსებობს არცერთი ქმედითი და აზრიანი პოლიტიკური მესიჯი, რომელიც მომხიბლავი იქნება ამომრჩეველთა აქამდე ინერტული სპექტრის გასააქტიურებლად.
კორუფცია და ნეპოტიზმი საქართველოში არაპოპულარული თემატიკაა; მითუმეტეს, როდესაც კორუმპირებული კლანი ძლიერია.
პრიმიტიული ობიექტურობით რომ მივუდგეთ, საქართველო უცვლელი კურსით მიემართება ევროპისაკენ; ინარჩუნებს მშვიდობას; მდიდრდება (უცხოელები მილიარდობით დოლარს აბანდებენ ქართულ ბანკებში); ბიზნეს-სექტორი სტაბილურია.
ამ ფონზე იმაზე წუწუნი, რომ მმართველი კლანი კოლოსალური რაოდენობის თანხებს ითვისებს და ქვეყანას უმოწყალო ძარცვავს, კომიკურია. თანაც, საზოგადოებას ხშირად ახსენებენ წინა მთავრობის დროს გამდიდრებულ “ცალკალოშიანებსაც”, რომლებიც უპრობლემოდ თანაარსებობენ საკუთარი ბიზნესებით დღევანდელ მთავრობასთან.
ამომრჩეველთა სპექტრის რა პროცენტს შეუძლია იმის გაცნობიერება, რომ ევროპა-ამერიკასთან დაახლოების არსი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაშია და არა დასავლურ სტრუქტურებში უბრალოდ გაწევრიანებაში? მითუმეტეს, რომ ეს დასავლური სტრუქტურები თავადაც გვარიანი ორმაგი სტანდარტებით არსებობენ; მაგალითად უნგრეთი ევროკავშირში და თურქეთი ნატო-ში გამოდგება.
მოსახლეობის რა პროცენტი მოიხიბლება ლოზუნგებით: – თავისუფალი სასამართლო- , -თავისუფალი პროკურატურა -, -სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები – და ა.შ.?
დასავლეთისაკენ პრიმიტიულმა სწრაფვამ,
რაც მათთან ფიზიკურ დაახლოებაში გამოიხატებოდა და არა ღირებულებებით დაახლოებაში, “15 წუთიანი აღტყინების” ფაზა დაასრულა და მარყუჟად გაეკვანძა ყელზე ნორმალური ღირებულებების მქონე ადამიანებს, რადგან ამ თემის არგუმენტად გამოყენება უკვე შეუძლებელია. დასავლეთს ნამდვილად ვუახლოვდებით ფიზიკური კრიტერიუმებით; რეალურად კი ეს არის რუსულ-ჩინური მახინჯი ჰიბრიდი, რომელსაც ნულოვანი პოტენცია აქვს ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტების ასაშენებლად, რადგან ამ პროცესის ქმედითი დამკვეთი არც ქვეყნის შიგნით არის ვინმე და არც გარეთ.
მაგრამ როგორც სჩანს, არსებული ფარსის დაჯერება ყველას სჭირდება საქართველოში; ნაწილს სასოწარკვეთის დასაძლევად და მეორე დილით ისევ გაღვიძების სამოტივაციოდ; ნაწილს კი გამარჯვებულის ამპლუაში სანეტაროდ. ის ადამიანები კი, რომლებიც შეეცდებიან ფარსის ანატომიურ გაკვეთას, სიძულვილის ობიექტად იქცევიან საზოგადოების ორივე სპექტრისათვის, რაც ლოგიკურად აიძულებს მათ, რომ შეგნებულ კონფორმიზმს მიმართონ.
ერთია ოღონდ; საუბედუროდ, კონფორმიზმი ტევადი ცნებაა, ფართო ამპლიტუდით, მეძავობიდან – ინტელექტუალურ შინაგან ემიგრაციამდე.“