ევროინტეგრაციის კომისიამ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან მიმართებაში სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის კომისიამ დღევანდელ სხდომაზე, ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან მიმართებაში სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
როგორც მან კომისიის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამოქმედო გეგმის შესაბამისად ისინი გააგრძელებენ კოორდინაციას ევროკომისიასთან.
„დღეს გაიმართა საქართველოს ევროინტეგრაციის რიგით 70-ე კომისიის სხდომა. როგორც ცნობილია, ევროინტეგრაციის კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამ კომისიის შემადგენლობაში არიან იმ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მონაწილეობას იღებენ.
ევროინტეგრაციის კომისია, როგორც იცით, არის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი. ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენ ეფექტურად შევძლოთ იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც დგას დღის წესრიგში ევროკავშირთან. შესაბამისად, დღეს იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიამ მიიღო სამოქმედო გეგმა კონკრეტულ რეკომენდაციებთან მიმართებით, რომელიც გაიცა ევროკომისიის მხრიდან და ჩვენ უკვე ამ დღის წესრიგის და ამ სამოქმედო გეგმის შესაბამისად გავაგრძელებთ კოორდინაციას ევროკომისიასთან. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია კონკრეტული თარიღები და პერიოდები, რომლის დროსაც ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ერთ-ერთი მთავარი სულისკვეთება ამ დოკუმენტის არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი გუნდი გამოხატავს მზაობას ძალიან აქტიურად ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმები, გაგრძელდება ჩვენს მიერ ბოლო პერიოდში გახსნილი დისკუსიის პლატფორმებზე მუშაობა, იმისთვის, რომ საერთო ინტერესები დაახლოვდეს, იმისთვის, რომ შეჯერდეს პოზიციები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეფორმების მიმართებით, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების და ამ პლატფორმებში მუშაობის შედეგად განხორციელდეს რეფორმები, რათა მაქსიმალურად იყოს ინკლუზიურობა დაცული. ინკლუზიურობა იყო საკითხი, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით, დღემდე გვაქვს მზაობა და ინტერესი იმის, რომ ეს რეფორმები მაქსიმალურად ინკლუზიურობით განხორციელდეს, რადგან ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.
ჩვენ ამ დღის წესრიგის და იმ სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდა, გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, კომუნიკაციას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი გაგრძელდეს, რადგან ჩვენ გვწამს, რომ ეს არის განგრძობადი, მნიშვნელოვანი პროცესი, რადგანაც ერთ წელიწადში რეფორმები არ ტარდება, ეს არის გრძელვადიანი ძალისხმევა ხელისუფლების იმისთვის, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად, როგორც ინსტიტუციურად, ისე საკანონმდებლო თვალსაზრისით დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს და ეს არის ჩვენი ამოცანა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც დღის წესრიგში გვაქვს“, – განაცხადა მინისტრმა.
დარჩიაშვილის თქმით, ასევე, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციასთან მიმართებითაც.
„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა დეოლიგარქიზაციის კანონის შესაბამისი სამოქმედო გეგმა, ეს დოკუმენტი ჩვენ შევქმენით რამდენიმე კვირის წინ, ასე ვთქვათ, ევროკომისიის რეკომენდაციებამდე, ეს დოკუმენტი არის ძალიან მასშტაბური და სიღრმისეული, რომელიც განსაზღვრავს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით წყება რეფორმების განხორციელების თანმიმდევრობას, მათ შორის, დროის თვალსაზრისითაც, ვიცით, რომ ამ კანონმდებლობის და ამ რეფორმის უკან დგას ძალიან ბევრი კომპლექსური პროცესები. ეს ეხება მართლმსაჯულების სისტემას, ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოს საკანონმდებლო სივრცის გაუმჯობესებას, კონკურენციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას და ბევრი სიღრმისეული, კომპლექსური რეფორმები. შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილებაც საქართველოს მთავრობაზე მიღებული ეს დოკუმენტიც იქნება მორიგი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ შევინარჩუნებთ ძალიან აქტიურ დინამიკას ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი დავით კირთაძეზე – ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში და სამუდამოდ ჩამოიკიდა სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება – არ არსებობს ხელშესახები გარემოება, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული