დღეს სასამართლო ისევ განიხილავს სადიგოვის საქმეს რუსთაველის გადაკეტვის გამო

დღეს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა იმართება. მას ამჯერად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 2025 წლის 19-21 ოქტომბერს გზის გადაკეტვას ედავება.
სადიგოვი გზის გადაკეტვის გამო ერთხელ უკვე ცნეს სამართალდამრღვევად და მას 14-დღიანი პატიმრობა განესაზღვრა.
სადიგოვის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, 2025 წლის 22 ოქტომბერს, როდესაც -მ აფგან სადიგოვი დააკავა და ადმინისტრაციული საქმის განხილვის მიზნით სასამართლოს მიმართა, უწყებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ სადიგოვი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 19-21 ოქტომბერსაც იმყოფებოდა და გზის სავალ ნაწილზე იდგა. ეს ფაქტი თავად შსს-ს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი საქმის მასალებით დასტურდება. მიუხედავად ამისა, შსს-მ პირველ ეტაპზე მხოლოდ 18 ოქტომბრის ფაქტის განხილვა მოითხოვა, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სადიგოვი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და ის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, უწყებამ კვლავ მიმართა სასამართლოს. ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შსს-მ განზრახ არ მიმართა სასამართლოს დანარჩენ დღეებთან დაკავშირებით, რათა სასამართლოს ორჯერ ჰქონოდა შესაძლებლობა აფგან სადიგოვის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოეყენებინა. აშკარაა, რომ შსს ცდილობს სასამართლოს მეშვეობით პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტი სამაგალითოდ დასაჯოს.
ამასთან, ორგანიზაციის ცნობითვე, აფგან სადიგოვს წარმოების არც ერთ ეტაპზე მისთვის გასაგებ ენაზე არ გადასცემია ადმინისტრაციული საქმის მასალები, რაც არღვევს მისი, როგორც სამართალწარმოების მონაწილის, საპროცესო უფლებებს.
“მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სათანადოდ არ აფასებს რეპრესიული კანონების შინაარსს და მათ აშკარა შეუსაბამობას ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან, იმედი გვაქვს, რომ სასამართლო იმსჯელებს ორმაგი დასჯის პრინციპის აკრძალვაზე მოცემულ შემთხვევაში, რაც შსს-ს საქმის მასალებითაც კი დასტურდება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და სასამართლო პროცესის შემდეგ საზოგადოებას დამატებით მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას”.