დღეს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა იხსნება

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში, დღეს, თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა იხსნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება, მრავალფეროვანი პროგრამით და მეტი სიახლით, 11-დან 14 აპრილამდე გასტანს.
„თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა 14:00 საათზე ექსკლუზიური ჩვენებით გაიხსნება, რომელსაც ხელოვნების მიმართულების სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
დღესვე, 17:00 საათიდან ბაზრობა ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნება და დამთვალიერებლებს ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
წლევანდელ გამოფენაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა მონაწილეობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ. 45 ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი Hive-დამოუკიდებელი არტისტების სივრცეში.
თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა, დამთვალიერებელს შესთავაზებს ქართველი და უცხოელი არტისტების კურირებულ გამოფენებს, მასტერ კლასებსა და Art Talk-ებს.
გამოფენა 11 აპრილს 17:00-დან 21:00 საათამდე მიიღებს დამთვალიერებელს, ხოლო 12-14 აპრილს – 12:00-დან 20:00 საათამდე,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მათიკაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ არა სანქცირების და ურთიერთობების გაუარესების კუთხით, არამედ დაახლოების კუთხით იქნება ხვალინდელი და ზეგინდელი დღეს გამოყენებული ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში