დღეიდან უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 400 000 ლარამდე გაიზარდა

1-ლი მაისიდან საქართველოში იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი სავალუტო კრედიტის გაცემის ქვედა ზღვარი 400,000 ლარამდე იზრდება, ამის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო.
ეროვნული ბანკის შეფასებით ამ ზღვრის აწევა ქვეყანაში ეროვნული ვალუტით დაკრედიტების წახალისებისთვის და შესაბამისად, მსესხებლებისთვის სავალუტო რისკების შემცირებას შეუწყო ხელი.
როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მიმდინარე მაკროეკონომიკური და მაკროფინანსური გარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად. შემცირებული ინფლაციის კვალდაკვალ რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება ლარის სესხებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მოსახლეობისა და ბიზნესისთვის, რაც თავის მხრივ პოზიტიურად აისახება საკრედიტო აქტივობაზე. სტაბილურია ლარის ფონდირების ზრდა და ბანკებს აქვთ საკმარისი ლიკვიდობა, რომ შეუფერხებლად დააკრედიტონ ადგილობრივ ვალუტაში. ამასთან გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე, შემცირებულია მოთხოვნა უცხოური ვალუტის სესხებზე. აღნიშნული გარემოებები სასურველ წინაპირობას ქმნის უცხოური ვალუტის სესხების ლიმიტის გასაზრდელად ეკონომიკაზე მინიმალური გავლენით.
გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2024 წლის 29 მაისს გაიმართება