დღეიდან ოფიციალურად დაიწყო პუტინის კიდევ 6-წლიანი პრეზიდენტობა

დღეს, 7 მაისს, მოსკოვის კრემლში გაიმართა ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია. 71 წლის პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო, რის შემდეგაც ოფიციალურად, 6-წლიანი ვადით ისევ დაიკავა ს პრეზიდენტის თანამდებობა. პუტინი რუსეთს თითქმის 25 წელია მართავს.
ფიცის დადების შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა დაადასტურეს ქვეყნის კურსის სისწორე, რისთვისაც მადლობას უხდის, მისთვის „უპირველესი იქნება რუსეთის ხალხის უსაფრთხოება და ინტერესები”, დღევანდელ „სირთულეებს ღირსეულად გადალახავენ და კიდევ უფრო გაძლიერდებიან”.
პუტინი დარწმუნებულია, რომ „მრავალსაუკუნოვანი ოჯახური ფასეულობების და ტრადიციების მხარდაჭერა“ ისევ იქნება საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და ხელისუფლების ერთიანობის საფუძველი.
პუტინის მტკიცებით, რუსეთს „ღია და კეთილი ურთიერთობების” გაძლიერება სურს ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთს „საიმედო და პატიოსან პარტნიორად„ მიიჩნევენ და „მსოფლიოს უმრავლესობაში არიან“. პუტინის განცხადებით, უარს არც დასავლეთის სახელმწიფოებთან დიალოგზე ამბობენ, თუმცა, არჩევანი მათზეა – „მომავალშიც გააგრძელებენ რუსეთის განვითარების შეფერხების მცდელობას, აგრესიის პოლიტიკას და ზეწოლას, თუ მოძებნიან გზებს თანამშრომლობისა და მშვიდობისთვის”.
„ვიმეორებ, რომ საუბარი, მათ შორს უსაფრთხოების, სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე შესაძლებელია, მაგრამ არა ძალის პოზიციიდან, ქედმაღლობის გარეშე და მხოლოდ თანასწორად, ერთმანეთის ინტერესების პატივისცემით“, – განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, ევრაზიული ინტეგრაციის პროცესში რუსეთის პარტნიორებთან და სხვა სუვერენულ ცენტრებთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგისა და თანაბარი უსაფრთხოების სისტემისთვის.
რუსეთში 15-17 მარტს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით პუტინმა ხმების 87,28% მიიღო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პუტინის შედეგი და ამომრჩეველთა აქტივობა(77,44%) რუსეთის უახლეს ისტორიაში „სარეკორდო“ და „უპრეცედენტო“ მაჩვენებელი იყო.
რუსეთში ამომრჩეველთა უფლებების დამცველი საზოგადოებრივი მოძრაობის, Голос-ის(ხმა) ინფორმაციით, პუტინის კანდიდატურის სასარგებლოდ „ჩაყარეს“ უპრეცედენტო რაოდენობის, 22 მილიონი ხმა. Голос-ის შეფასებით, არჩევნები ჩატარდა პირობებში, როცა სახელმწიფო აპარატი ჩართული იყო პროპაგანდაში, ამომრჩევლის იძულებასა და კონტროლში, რუსეთში, ფაქტობრივად, გაჩნდა შიშით და ძალით ჩანერგილი სამხედრო ცენზურა და არჩევნებმა ვერ შეასრულა მთავარი ფუნქცია – ვერ შექმნა წარმოდგენა მოქალაქეთა რეალური განწყობების შესახებ და მათ არ მისცა საშუალება, ქვეყნის მომავალი დამოუკიდებლად და თავისუფლად გადაეწყვიტათ.
ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს დასავლეთის სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უსამართლო და არათავისუფალი უწოდეს.
· რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი ოთხწლიანი ვადით.
· პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.
· 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა ექვს წლამდე გაიზარდა.
· ვლადიმირ პუტინი პირველი ექვსი წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორედ კი – 2018 წელს.
· 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრის შესაძლებლობა მიეცა კიდევ ორი ვადით – 2024 და 2030 წლებში.

ასევე დაგაინტერესებთ