დღევანდელ საფეხბურთო მატჩში 2 იბერიის სიმბოლური თასი გათამაშდება – Marca

წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა Marca ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ორი იბერიის უძველეს და თანამედროვე კავშირებზეა საუბარი. გამოცემა წერს, რომ
„სპორტულ სამყაროში სრულყოფილი იბერიული დერბი არც ისე ხშირად იმართება. ძირითადად ეს რაგბის ნაკრებებს შორის, ევროპის ჩემპიონატზე ხდება, რაც იბერიელებს გარანტირებულად, წელიწადში ერთხელ შეხვედრის საშუალებას აძლევს. დღევანდელ საფეხბურთო მატჩში კი ორი იბერიის სიმბოლური თასი გათამაშდება“.
ვრცელ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს სპორტულ დაპირისპირებას „იბერიული დერბის“ უწოდებენ. „პირინეის იბერია და კავკასიის იბერია ევროპის 2, ერთმანეთისადმი უკიდურეს კუთხეში მდებარეობს. სიტყვა „დერბი“ კი პირველ რიგში გეოგრაფიულ სიახლოვეს გულისხმობს. და რატომ „იბერიული დერბი?“. იმიტომ, რომ ევროპაში 2 იბერიაა – ერთი ნახევარკუნძულია (ესპანეთი, პორტუგალია, ანდორა), მეორე კი კავკასიის რეგიონში, ევროპის უკიდურეს სამხრეთ, აღმოსავლეთში მდებარეობს – ეს საქართველოა“, – წერს Marca.
სტატიის თარგმანს პირველი არხი აქვეყნებს:
„ყოველთვის, როცა ესპანეთისა და საქართველოს სპორტული დაპირისპირება ახლოვდება, როგორც ახლა, ევროპის ჩემპიონატზე, სოციალურ ქსელებში ხშირად ვხდებით ფრაზას – „იბერიული დერბი“. ესპანეთის მსგავსად, ეს პორტუგალიასაც ეხება, რაც შეიძლება არასერიოზულად მოგვეჩვენოს, რადგან პირინეის იბერია და კავკასიის იბერია ევროპის ორ, ერთმანეთისადმი უკიდურეს კუთხეში მდებარეობს. სიტყვა „დერბი“ კი პირველ რიგში გეოგრაფიულ სიახლოვეს გულისხმობს. და რატომ „იბერიული დერბი?“. იმიტომ, რომ ევროპაში ორი იბერიაა – ერთი ნახევარკუნძულია (ესპანეთი, პორტუგალია, ანდორა), მეორე კი კავკასიის რეგიონში, ევროპის უკიდურეს სამხრეთ, აღმოსავლეთში მდებარეობს – ეს საქართველოა.
ორი იბერიის ასეთი მსგავსება დღეს მეცნიერებისა და ცნობისმოყვარე პედანტების (როგორიც ამ სტატიის ავტორია) ინტერესის სფეროა. თუმცა, ეს უძველესი და ისტორიულად დასაბუთებული კავშირია ორ იბერიას შორის. ამ რეგიონების მოსახლეობის ენებში არაერთი მსგავსებაა აღმოჩენილი, რომელიც ბასკურ ენასთან ნათესაობაზეც მიანიშნებს. ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები ამ გეოგრაფიულ არეალებს მოიხსენიებდნენ, როგორც აღმოსავლეთ იბერიას (კავკასია) და დასავლეთ იბერიას (პირინეის ნახევარკუნძული). ენების ნათესაობის შესახებაც ანტიკური პერიოდიდან წერდნენ. იუდეველი და რომაელი მეცნიერი იოსებ ფლავიუსი მიიჩნევდა, რომ ნოეს შვილიშვილი და იაფეტის შვილი თუბალი დასავლეთ იბერიელების წინაპარი იყო. ბასკური ლეგენდის თანახმად კი ამ ხალხის პატრიარქი არის აიტორი – თუბალის შთამომავალი. ქართული ტრადიციული ლეგენდა კი გვეუბნება, რომ თუბალი ამ ერის წინაპარია, რომელმაც გადაწყვიტა, დასავლეთის იბერიაში გადასახლებულიყო და ფესვები იქაც გაედგა.
საქართველო 1800 წლამდე დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ახერხებდა, შემდეგ კი „ცარისტული იმპერიის“ ნაწილი გახდა, ბაგრატიონთა სამეფო გვარის ჩათვლით. 1917 წლის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შემდეგ, ბაგრატიონები კიდევ ერთი სამეფო დინასტიის წარმომადგენლები გახდნენ, რომლებიც ევროპაში გადასახლდნენ. ბაგრატიონები ჯერ იტალიაში ჩავიდნენ, 1942 წელს კი თავი საქართველოს ტახტის სამართალმემკვიდრეებად გამოაცხადეს. ეს დიდი გამბედაობაა, რადგან ამ პერიოდში საქართველო იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის, იგივე სტალინის საბჭოთა იმპერიაში შედიოდა. სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ კი ტახტის დაბრუნება სრულიად შეუძლებელი იყო.
1944 წელს ბაგრატიონების ოჯახი, რომელიც საკუთარ თავს ევროპის უძველეს დინასტიად მოიაზრებს, ესპანეთში გადასახლდა. ამ ოჯახის პატარა წევრი იყო ხორხე, რომელიც რომში დაიბადა, მისი დედა კი მშობიარობას ესხვერპლა. ხორხეს მამამ ცოლად ბურბონების შთამომავალი შეირთო და ამგვარად, ხორხე მომავალ მეფე ხუან კარლოს ბურბონთან ერთად გაიზარდა. ხორხე ბაგრატიონი ესპანეთის მოქალაქე იყო, მაგრამ მისი სპორტული მოღვაწეობა ორივე ქვეყანას აერთიანებს.
ხორხე ბაგრატიონის სპორტული დებიუტი მოტორბოლას უკავშირდება, როდესაც ის 15 წლის იყო. რბოლაში შემდეგ საკუთარი ქმნილებით მონაწილეობდა, რომელიც შასისა და ძრავის ინოვაციური შერწყმით გამოიგონა. ამას ავტომობილებით სამთო რბოლა მოჰყვა, შემდეგ იყო ქუჩის რბოლები (Fiat 850 Abarth, Renault Alpine, Mini Cooper, R8 Gordini), რომელშიც სახელი გაითქვა, ჩააბარა რა გამძლეობისა და სისწრაფის არაერთი ტესტი.
სპორტულ სამყაროში სრულყოფილი იბერიული დერბი არც ისე ხშირად იმართება. ძირითადად ეს რაგბის ნაკრებებს შორის, ევროპის ჩემპიონატზე ხდება, რაც იბერიელებს გარანტირებულად, წელიწადში ერთხელ შეხვედრის საშუალებას აძლევს. დღევანდელ საფეხბურთო მატჩში კი ორი იბერიის სიმბოლური თასი გათამაშდება“.
წყარო: პირველი არხი