პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, განიხილონ და იმსჯელონ იმ საკითხებზე, რომლებიც 9 პუნქტის შესრულებას უკავშირდება.
მისი თქმით, 9 პუნქტის შესრულების პროცესში, როგორც ოპოზიციური პარტიები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართულები და მათაც აქვთ შესაძლებლობა, პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
“ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, განვიხილოთ და ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება 9 ნაბიჯს, რომელიც განისაზღვრა ევროკომისიის მიერ. ჩვენ , ამ შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც ვაძლევთ, რომ ამ შეხვედრის მონაწილეები იყვნენ და ასევე, მონაწილეობა მიიღონ იმ მსჯელობაში, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს. ეს არის ძალიან საჭირო, ჩვენ განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, განსაკუთრებით – რაც პარლამენტის კომპეტენციაში შედის. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ გეგმაში არის ნაბიჯები, რომლებიც უშუალოდ განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე ფართო მსჯელობა გაიმართოს. დღეს, სწორედ ამის შესაძლებლობაა მოცემული”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.