დღევანდელი ოპოზიცია სერგო ორჯონიკიძის რეინკარნაციაა – შალვა პაპუაშვილი

ამას თავისი მიზანი აქვს, რომ ჩამოაყალიბონ ანტაგონიზმი, ზიზღი ხელისუფლების, მათ შორის სახელმწიფოს მიმართ, რომ მივიდეს დაპირისპირებამდე ეს ურთიერთობა და შემდეგ სადღაც გაწყდეს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, გადაცემაში „იმედი Live“ ოპოზიციის ქმედებებთან და მიზნებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რადიკალების ორგანიზებული ქმედებები იმიტომ არის ანტიეროვნული და არაქართული, რომ მათი ქმედებები არის გარედან მართული.
„გვახსოვს, ქალბატონი ლორა თორნტონის, „მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენლის იმედგაცრუება, რომ სისხლი არ დაიღვარა და გვამი ვერ იხილა საქართველოში. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომებიც იყო. ვხედავდით განვლილ წლებში როგორ ხდებოდა გადამზადება ამა თუ იმ ჯგუფისა, მომზადება სწორედ ექსტრემისტული მეთოდებით სახელმწიფოს თუ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლისა და ვხედავთ მათ შორის გარკვეული ხანია ამის პრაქტიკულ რეალიზებას.
აი, ის მატრაკვეცობა, რაც ვიხილეთ ოპოზიციის მხრიდან, აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ერთმანეთს რომ ასწრებდნენ, რაიმენაირად ფეხი შეეყოთ და დასწრებოდნენ ღონისძიებას შორიახლოდან, ესეც ხომ ამის დასტურია, რომ რამდენად აკნინებენ საერთოდ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიცია სერგო ორჯონიკიძეს შეადარა და თქვა, რომ დღეს რადიკალების მიზანია შემოუძღვეს სანქციებს საქართველოში.
„მათ სურთ, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება მიიღებოდეს ქვეყნის გარეთ. პირდაპირ რეინკარნაცია არის დღევანდელი ოპოზიცია სერგო ორჯონიკიძის. ადრე სერგო ორჯონიკიძე შემოუძღვა წითელ არმიას, ჯარს და ისინი დღეს უძღვებიან და უნდათ, რომ შემოუძღვნენ სანქციებს. რაც ადრე იყო იარაღი და ტანკი, დღეს ზოგიერთი ჯგუფისთვის სანქციები იქცა ასეთ იარაღად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია