დღევანდელი დღე ქართველების ერთად დგომის, ღირსებისა და გამარჯვების სიმბოლოდ იქცა – მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადება:
„დღეს 34 წელი შესრულდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღიდან – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, დღესდღეობით ოკუპირებულ რეგიონებში გამართულ რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას ერთხმად დაუჭირა მხარი!
სწორედ აღნიშნული თარიღი გახდა ჩვენი ერის მრავალწლიანი ოცნების ასრულების გზაზე პირველი ნაბიჯი – ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო მხოლოდ თავად, ყოველგვარი საგარეო მითითებების გარეშე აეშენებინა, შესაბამისად, 1991 წლის 31 მარტი იმ გრძელი და ურთულესი გამოწვევებით სავსე გზის დასაწყისად იქცა, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს აუცილებლად მიიყვანს ძლიერ, ბოლომდე დამოუკიდებელ, გაბრწყინებულ საქართველომდე.
31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. იდეის გაჩენიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაუღალავად იბრძოდა ეს ადამიანი და ამ ეროვნულ საქმეშიც უმთავრესი წვლილი შეიტანა!
დღევანდელი დღე ქართველების ერთად დგომის, ღირსებისა და გამარჯვების სიმბოლოდ იქცა! სწორედ ამიტომ, ეს დღე ყველას უნდა გვახსენებდეს, რომ თაობების ბრძოლის შედეგად მოპოვებულ დამოუკიდებლობას მოფრთხილება, დაცვა, ზრუნვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გამყარება სჭირდება, რაც საკუთარი სამშობლოს წინაშე თითოეული ქართველის მოვალეობაა.
ამასთანავე, დღევანდელი თარიღი და 34 წლის წინ გამართული რეფერენდუმის შედეგები არის თითოეული ქართველის და განსაკუთრებით ჩვენი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა. თამამად და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის იმ ხარისხს მიაღწია, რომელიც არასდროს ჰქონია. ვამაყობთ ამით, რომ მტკიცე უარი ვთქვით გარედან თავსმოხვეულ მითითებებზე, სხვისი კარნახით ქვეყნის მართვაზე და მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის, კულტურის, იდენტობის, დემოგრაფიის, მამულის, ენისა და სარწმუნოების გადარჩენის ერთადერთი სწორი გზა. პირობას ვაძლევთ ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, ვერანაირი ზეწოლა და გარედან წამოსული მითითებები თუ უსაფუძვლო კრიტიკა ან სადამსჯელო მექანიზმები ვერ აგვაღებინებს ხელს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და განმტკიცებაზე.
გარდა ამისა, მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი.
ეს არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს ახლადშექმნილ დეპარტამენტს, რომ გააკონტროლოს სამინისტროების, სსიპ-ების აიპ-ების და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების ეფექტიანობა.
საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის დამტკიცების დროს, გუნდმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მაქსიმალური კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით გასული ერთი წლის განმავლობაში არაერთი რეფორმა გატარდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მკაცრად უნდა მოხდეს გადასახადების გადამხდელთა სახსრების, იგივე საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კონტროლი.
დღეს ჩვენ ამ თემაზეც გვქონდა საუბარი უმრავლესობის ფორმატში თანაგუნდელებთან და არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას გუნდის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.
ჩვენ, მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ამასთან დაკავშირებით და როდესაც გუნდი აცხადებს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველები მსოფლიოში კორუფციასთან ბრძოლასთან მიმართებით, რომ უნდა გვქონდეს ამ მიმართულებით საუკეთესო შედეგები, ეს არ არის მარტივი და დღევანდელი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრს მხოლოდ მიეხმარება ამ მიზნის შესრულებაში“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Previous: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მარიამ რატიანის ოჯახის ტერორზე: მე არა მაქვს იმის იმედი, რომ ამ საბრალო ქალის და მისი ოჯახის ტრაგედია რაიმე ემპათიას გამოიწვევს იმ “ბაბლში” დღეს რომ რუსთაველზე შეიკრიბება
