დუმის დეპუტატი საქართველოში მყოფ რუსებს აქციებისგან თავშეკავებას ურჩევს

ს სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელი ვასილი პისკარევი საქართველოში მყოფ რუსებს ურჩევს, მონაწილეობა არ მიიღონ უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციებში.
პისკარევმა რუსებს ურჩია, ბოროტად არ ისარგებლონ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით და არ იქცნენ „იარაღად გარე ძალების ხელში“, რომლებიც „სუვერენულ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ“.
პისკარევი „ტელეგრამის“ არხში წერს, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები ამ დღეებში მასობრივად მონაწილეობენ ქუჩის საპროტესტო აქციებში. მისი თქმით, ასეთი ქცევა „გასაკვირი არ არის“, რადგან „ფერადი“ რევოლუციების სპეციალისტები თბილისის ქუჩებში მასობრივი სურათის შესაქმნელად რუსეთიდან გაქცეულების აქტივს იყენებებენ.
„მე ვურჩევ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავს ქმედებებში მონაწილეობისგან, არ არის საჭირო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება და ინსტრუმენტად ქცევა გარე ძალების ხელში, რომლებიც ცდილობენ სუვერენულ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას“, — აცხადებს პისკარევი.
17 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონი“ პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართულ ქალების მარშში რუსეთის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ.
რუსი აქტივისტების მთავარი სათქმელი იყო, რომ რუსეთის დატოვება სწორედ მსგავსი კანონების გამო მოუწიათ და რუსეთში წლების წინ ყველაფერი სწორედ ასე დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ