დრონების გამოყენებით რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის მორიგი იმიტაცია მოახდინა – უკრაინის დაზვერვის სპიკერი

დრონების გამოყენებით რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის მორიგი იმიტაცია მოახდინა. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
“დღეს აგერ [რუსეთმა] გადაწყვიტა FPV-დრონების მეშვეობით ვითომ უკრაინის მხრიდან დაბომბვის იმიტაცია მოეხდინა. უკრაინის პოზიცია გასაგებია, მკაფიოა და ერთმნიშვნელოვანია – ატომურ ობიექტებზე არანაირ სამხედრო ქმედებებს ან პროვოკაციებს არ ვახორციელებთ. ხოლო აგრესორი ბირთვული სადგურიდან უნდა გავიდეს”, – განაცხადა იუსოვმა.
ცნობისთვის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ 9 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო ცენტრზე დრონების მეშვეობით თავდასხმა განხორციელდა. მათი ცნობით, ბირთვული უსაფრთხოების მხრივ პირდაპირი საფრთხე ამ მომენტისთვის არ არსებობს.
თავდასხმას ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უნდა დატოვოს.

ასევე დაგაინტერესებთ