პოლონეთი უკრაინაში ჯარისკაცებს არ გაგზავნის, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„პოლონეთი უკრაინას მხარს დაუჭერს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა: ორგანიზაციულად, ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების კუთხით. ჩვენ უკრაინის ტერიტორიაზე პოლონელი ჯარისკაცების გაგზავნას არ ვგეგმავთ. ჩვენ ლოგისტიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას გავუწევთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც მომავალში ასეთი გარანტიების გაცემის სურვილი ექნებათ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მისი თქმით, დღეს პარიზში დაგეგმილ საგანგებო სამიტზე ევროპელ ლიდერებს თავდაცვის დაუყოვნებლივ გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ უკრაინის ეფექტურად დახმარებას ვერ შევძლებთ, თუ საკუთარ თავდაცვით შესაძლებლობებთან დაკავშირებით პრაქტიკულ ნაბიჯებს დაუყოვნებლივ არ გადავდგამთ“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, დღეს პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოწვევით, ევროპელი ლიდერების სამიტი გაიმართება, რომელზედაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ლიდერები: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა.
