დონალდ ტრამპმა ტარიფების შესახებ წერილები კიდევ 8 ქვეყანას, მათ შორის მოლდოვასა და ბრაზილიას, გაუგზავნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტარიფების შესახებ წერილები კიდევ რვა ქვეყანას გაუგზავნა და აცნობა, რომ თუ ისინი ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმებას 1-ელ აგვისტომდე ვერ მიაღწევენ, მათგან იმპორტირებულ საქონელზე გადასახადებს გაზრდის.
მედიის ინფორმაციით, ტრამპმა წერილები გაუგზავნა ბრაზილიის, მოლდოვას, ფილიპინების, ბრუნეის, ალჟირის, ლიბიის, ერაყისა და შრი-ლანკას ლიდერებს.
დოკუმენტების თანახმად,ალჟირის, ლიბიის, შრი-ლანკისა და ერაყისთვის იმპორტის 30%-იანი გადასახადების დაწესება იგეგმება, მოლდოვასა და ბრუნეისთვის – 25%-იანი, ხოლო ფილიპინებისთვის – 20%-იანი.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა ბრაზილიიდან იმპორტირებულ საქონელზე 50%-იანი ტარიფების შემოღების გეგმის შესახებ განაცხადა. მან ამ გადაწყვეტილების მიზეზად ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრაზილიაში ამერიკული პლატფორმების ცენზურა დაასახელა. ბრაზილიის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ლულა და სილვასადმი გაგზავნილ წერილში ტრამპმა ბოლსონაროს წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს „ჯადოქრებზე ნადირობა“ უწოდა, რომელიც, მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ დონალდ ტრამპმა ახალი სატარიფო განაკვეთის შესახებ წერილები 14 ქვეყნის ლიდერებს გაუგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის