დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის დღესვე რამდენიმე აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. მათ შორი ამერიკის საერთაშორისო დახმარების შეჩერების და სხვადასხვა ორგანიზაციის დატოვების შესახებ.
ბრძანებები შეეხო იმიგრაციასაც – სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ახალმა პრეზიდენტმა ასევე გასცა ბრძანება, რომ მაქსიმალური შესაძლო უსაფრთხოების წესების დაცვით შემოწმდნენ ისინი, ვისაც ამერიკაში შემოსვლა სურს, მთავრობამ კი შეძლოს იმ ქვეყნების იდენტიფიცირება, სადაც სავარაუდოდ არასაკმარისი ასეთი პროცედურებია იმისათვის, რომ მათი მოქალაქეების ამერიკაში შესვლა შეზღუდონ.
პირველი საპრეზიდენტო ვადისას დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ხაზი “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” მოწოდებას ეფუძნებოდა. ერთ-ერთი ახალი ბრძანება, რომელსაც მან ხელი მოაწერა, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ავალდებულებს, სახელმწიფო დეპარტამენტის ძალისხმევა ამ მისიის შესასრულებლად მიმართოს.
“ამ დღიდან მოყოლებული შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა იქნება ამერიკული ინტერესების დაწინაურება და ამერიკისა და ამერიკის მოქალაქეების ყოველთვის წინ დაყენება”, – ვკითხულობთ ბრძანებაში.
დონალდ ტრამპმა ასევე მოაწერა ხელი ბრძანებას დატოვოს პარიზის კლიმატის შეთანხმების სახელით ცნობილი 2015 წლის ხელშეკრულება. მან ეს პირველი საპრეზიდენტო ვადისასაც გააკეთა. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიზნების შესრულების წარმატებული გამოცდილება აქვს და სხვა ქვეყნების მაგალითის გაზიარება არ სჭირდება.
ამ შეთანხმებას ხელს დაახლოებით 200 ქვეყანა აწერს და იღებს ვალდებულებას, რომ კლიმატის გლობალური ცვლილების დ აგლობალური დათბობის შესამცირებლად სათბური გაზების გამოყოფა შეამციროს.
კიდევ ერთი ბრძანება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე უკვე მეორედ მოაწერა ხელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვებას ეხება. ის ორგანიზაციას კოვიდპანდემიის არასათანადო მართვაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის ამერიკისგან ზედმეტ დაფინანსებას იღებს. ჯანმომ სამწუხარო უწოდა ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და თქვა, რომ მასთან კონსტრუქციული დიალოგის იმედი აქვს, რათა ამერიკასთან ერთად მილიონობით ადამიანის დახმარება გააგრძელოს.
პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ამერიკის საერთაშორისო დახმარება “არ შეესაბამება ამერიკის ინტერესებს და სწორედ ამიტომ საგარეო განვითარების მხარდაჭერა 90 დღით გააუქმა. ამ დროში ყველა ეს პროგრამა გადაიხედება. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია რა ბედი ელის ზოგიერთ იმ პროგრამას, რომელიც კონგრესის მიერაა დამტკიცებული და დახმარების პროცესიც დაწყებული.
დონალდ ტრამპმა ასევე გააუქმა ჯო ბაიდენის მიერ წინა კვირას მიღებული გადაწყვეტილება კუბის ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების სიიდან ამოღების შესახებ. პრეზიდენტმა ასევე გამოსცა რამდენიმე სავაჭრო შეთანხმების გადახედვის შესახებ ბრძანებებიც, მათ შორის ჩინეთთან და ამერიკა-მექსიკა-კანადას შორის არსებული ხელშეკრულებებისაც. ასევე, გაუქმებულია ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მიღებული გადაწყვეტილება “ტიკტოკის” აკრძალვის შესახებ. დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა არ აღასრულოს ეს აკრძალვა, სანამ ადმინისტრაცია სამომავლო გეგმას არ დასახავს, თუმცა წინა საპრეზიდენტო ვადისას ის თავად გამოდიოდა “ტიკტოკის” დაბლოკვის ინიციატივით და ამბობდა, რომ ის ამერიკელთა უსაფრთხოებას ემუქრებოდა. ბოლო კვირების განმავლობაში ის ამბობს, რომ არ სურს “ტიკტოკის” დაბლოკვა და ამისთვის სხვადასხვა გზას განიხილავს, მათ შორის მთავრობის მიერ კომპანიის წილის შესყიდვასაც.