“დოიაშვილსაც და საერთოდ, სხვა ხელოვანებსაც უნდა შეეშვა” – კაკაბაძე წულუკიანს

“ვაჭარი მართავს ამ მთავრობას, კარგად უნდა შეიგნოთ”, – ასე მიმართა მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს პრემია “მუზას” დაჯილდოვებაზე, რომელიც 25 დეკემბერს, მწერალთა სახლში გაიმართა.
ვიდეოში, რომელსაც ირაკლი კაკაბაძის და, ნინია კაკაბაძე ავრცელებს, ჩანს, რომ ინციდენტი მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს დაიწყო: “კარგად უნდა დაიმახსოვრო შენ, რომ [დათო] დოიაშვილსაც უნდა შეეშვა საერთოდ, სხვა ხელოვანებსაც უნდა შეეშვა. კარგად დაიმახსოვრე და ისწავლე ჭკუა”, – მიმართავს კაკაბაძე წულუკიანს, რაზეც მინისტრი პასუხობს: “კი, ბატონო”.
ამის შემდეგ კაკაბაძე ფეხზე წამოდგა და დარბაზიდან გასვლამდე წულუკიანს უთხრა: “იცი რას გეტყვი მე შენ? ბიძინას [ივანიშვილს] გადაეცი მაგ მათხოვარს, მაგ ბარიგას და მაგ ვაჭრუკანას, რომ ახალგაზრდებზე იფიქროს”. ვიდეოს ბოლოს ისევ ისმის წულუკიანის პასუხი: “ასეთი დემოკრატია და თავისუფლება მოქმედებს მწერალთა სახლში”.
გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო და დაწერა, რომ ირაკლი კაკაბაძემ “სკანდალის მოწყობა სცადა” მას შემდეგ, რაც პრემია “მუზა” მას არ მიენიჭა:
“ირაკლი კაკაბაძემ, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ჟიურიმ მას ლიტერატურული პრემია „მუზა“ არ მიანიჭა ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება“, სკანდალის მოწყობა სცადა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია მინისტრი და სხვა პირები.
სამინისტრო წუხილს გამოთქვამს იმ უხერხულობის გამო, რომელიც, შესაძლოა, ირაკლი კაკაბაძის ქცევამ შეუქმნა შეკრებილ საზოგადოებას”.

ასევე დაგაინტერესებთ