კრემლი აშშ-ს პრეზიდენტის გუშინდელ კომენტარს გამოეხმაურა, რომლითაც დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომი ორ ბავშვს შორის ჩხუბს შეადარა.
“ხანდახან შენ ხედავ, თუ როგორ ჩხუბობს ორი პატარა ბავშვი გამალებით, მათ ერთმანეთი ეზიზღებათ და პარკში ჩხუბობენ. ხანდახან შენთვის უმჯობესია, ცოტა ხანი ჩხუბი აცადო და შემდეგ დაშალო ისინი”. – თქვა დონალდ ტრამპმა 5 ივნისს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე თქვა, რომ აღნიშნული ანალოგია 4 ივნისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროსაც გაახმოვანა.
ტრამპის საპასუხოდ, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთისთვის “ეგზისტენციალური საკითხია”.
“რა თქმა უნდა, აშშ-ს პრეზიდენტს შეიძლება, საკუთარი შეხედულება ჰქონდეს იმის შესახებ, თუ რა ხდება, თუმცა ეს ჩვენთვის ეგზისტენციალური საკითხია – ეს არის ეროვნული ინტერესების საკითხი, ეს არის უსაფრთხოებისა და ჩვენი და ჩვენი შვილების – ჩვენი ქვეყნის მომავლის საკითხი”. – თქვა პესკოვმა.