დმიტრი პესკოვი ლე პენის სასჯელზე: ევროპული ქვეყნები დემოკრატიული ნორმების გათელვის გზას ადგანან

კრემლის პრესსპიკერი საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც ულტრამემარჯვენე პარტია, ეროვნული ერთობის ლიდერი, მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნეს.

“სულ უფრო და უფრო მეტი ევროპული დედაქალაქი ადგას დემოკრატიული ნორმების გათელვის გზას”. – თქვა პესკოვმა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საფრანგეთის შიდა საქმეა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ჩავერიოთ საფრანგეთის შიდა საქმეებში, ეს არასდროს გვიქნია, თუმცა ზოგადად, ჩვენი დაკვირვებები ევროპულ დედაქალაქებზე აჩვენებს, რომ ისინი პოლიტიკური პროცესის განმავლობაში სულაც არ ერიდებიან დემოკრატიის ფარგლებს გასცდნენ”. – აღნიშნა კრემლის სპიკერმა.

ცნობისთვის, 31 მარტს საფრანგეთის სასამართლომ მარინ ლე პენი ევროკავშირის ფონდების უკანონო მითვისებასა არამიზნობრივ გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 4 წლისგან 2 ალტერნატიული სახის პატიმრობა იქნება.

ლე პენს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯარიმის სახით 100 000 ევროს გადახდაც მოუწევს.

ამასთან, ფრანგ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, 5 წლით ჩამოერთვა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებაც. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა.

აკრძალვის ძალაში ყოფნის განმავლობაში ლე პენს საფრანგეთის ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობა არ შეეძლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ლე პენი მონაწილეობას ვერ მიიღებს საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

წყარო