რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის თქმით, 2008 წლის ომი რუსეთისთვის იყო პირველი გამოცდა და ცხადი იყო, რომ მათ “ყველა მხრიდან დააცხრებოდნენ”.
ამის შესახებ მედვედევმა ისაუბრა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არხი ზვეზდას მიერ გადაღებულ ფილმში, რომელიც სერგეი ლავროვის მოღვაწეობას ეხება.
მედვედევის თქმით, 2008 წელს სერგეი ლავროვი მოლაპარაკებებში “ნაყოფიერი” იყო და რუსეთმა 2009 წლისთვის დასავლეთთან “წყნარი ურთიერთობა” აღადგინა.
“2008 წლის კრიზისი ძალიან რთული, ალბათ პირველი ასეთი გამოცდა იყო, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შეეჩეხა და ასევე მეც, მაშინდელი ახალგაზრდა პრეზიდენტი.
ცხადი იყო, რომ იმის შემდეგ, რაც მოხდა, ჩვენ ყველა მხრიდან დაგვაცხრებოდნენ. დაგვადანაშაულებდნენ სუვერენიტეტის დარღვევასა და საომარი ძალის გამოყენებაში. მაშინ საგარეო პოლიტიკური ხაზის გამართვა ზოგჯერ ინტუიციურად გვიწევდა. ამ მხრივ, სერგეი ვიქტორიევიჩი (ლავროვი) ყოველთვის ყველაზე ნაყოფიერი იყო ამ მოლაპარაკებებში, რადგან მაშინ მოლაპარაკებისთვის საჭირო იყო დიპლომატიური ტაქტის მაქსიმალური ხარისხის გამოყენება.
ამის რეზულტატი იყო ის, რომ უკვე 2009 წლის დასაწყისში ჩვენ საერთო ჯამში აღვადგინეთ საკმაოდ წყნარი ურთიერთობა ჩვენს დიალოგის პარტნიორებთან.” – თქვა მედვედევმა.