აშშ-ს ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა CBS-ის საგარეო საქმეთა მთავარ კორესპონდენტთან, მარგარეტ ბრენანთან საუბარში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს პროპაგანდისტი უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის ნავთობის ვაჭრობით მოგება 20%-ით არის შემცირებული.
ასევე, ბესენტის თქმით, რუსეთი ახალი სანქციებით გამოწვეულ ზარალს დაუყოვნებლივ იგრძნობს.
ბრენანი – მსურს გკითხოთ: აშშ-მ რუსეთის მთავარი ნავთობისა და გაზის კომპანიები გასულ კვირაში დაასანქცირა, მაგრამ ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელი – რომელიც აქ, შეერთებულ შტატებშია, კირილ დმიტრიევი, ვიცი, რომ იცნობთ – ამბობს რომ სანქციებს – ვციტირებ – “აბსოლუტურად არანაირი ეფექტი აქვს რუსეთის ეკონომიკაზე. ისინი უბრალოდ შეერთებული შტატების ბენზინგასამართ სადგურებზე ფასებს გაზრდის”. დმიტრიევი მცდარია? და რეალურად როდის იგრძნობს რუსეთი ტკივილს?
ბესენტი – ვფიქრობ რუსეთი ტკივილს დაუყოვნებლივ იგრძნობს. შემიძლია გითხრათ, რომ უკვე ვხედავთ, სრულად როგორ შეაჩერა ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა. მრავალი ჩინური ნავთობგადამამუშავებელი შეჩერდა. და, მარგარეტ, აპირებ რომ გამოაქვეყნო ის, რასაც რუსი პროპაგანდისტი ამბობს? ანუ, სხვას რას იტყოდა? რომ, ვაი, საქმე საშინლადაა და ეს პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანსო? რა თქმა უნდა, რუსეთის ეკონომიკა არის საომარი ეკონომიკა. ზრდა ფაქტობრივად ნულის ტოლია. ინფლაცია, მგონი, 20%-ზე მეტია და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, პუტინს [მოლაპარაკებების] მაგიდასთან მიიყვანს. რუსეთის ომის მანქანას ნავთობი აფინანსებს და ვფიქრობ მის მოგებებში მნიშვნელოვან ხვრელს გავაჩენთ.
ბესენტი ვარაუდობს, რომ რუსეთის ნავთობის შემოსავლების 20%-იანი ვარდნის შემდეგ, ეს ტრენდი გაგრძელდება და სარგებელი კიდევ 20-30%-ით შემცირდება.
ბრენანი – რომ დავაზუსტოთ, დმიტრიევი შეერთებულ შტატებში იმიტომ არის, რომ მას სანქციები მოეხსნა, რათა აქ შეხვედრები გაემართა პრეზიდენტი ტრამპის წარმომადგენელ სტივ ვიტკოფთან. როცა ამბობთ, რომ ის პროპაგანდისტია, გულისხმობთ, რომ არაფერს უნდა მოვუსმინოთ, რასაც ამბობს?
ბესენტი – რა გგონიათ, რა მოუვა მას, თუ სახლში დაბრუნდება და იტყვის, ღმერთო ჩემო. რა მოხდება, ტელევიზიაში რომ თქვას, ეს საშინელებაა, პრეზიდენტმა ტრამპმა სწორი რამ გააკეთაო. ეს არის მაქსიმალური ზეწოლის კამპანია, რომელიც გაამართლებსო. მარგარეტ, რას იტყვის? რა თქმა უნდა, ამას (რედ. – იგულისხმება ბრენანის მიერ მოყვანილი ციტატა) იტყვის. თუ რუსულ სასაუბრო აქცენტებს გაარჩევთ, ისინი იყენებენ ამ სიტყვას, ჩვენი ეკონომიკა ამის წინააღმდეგ იმუნიზებულიაო. თუმცა, მათი ეკონომიკა იმუნიზებული არაა. მათი ნავთობის შემოსავალი წელს 20%-ით დაეცა. ვივარაუდებ, რომ ეს [სანქციები] მათ კიდევ 20-30%-ით დაწევს. ასე რომ, კიდევ ერთხელ, პრეზიდენტ ტრამპს აკრიტიკებდნენ არასაკმარისი მოქმედებისთვის. ის ამ გამბედავ ნაბიჯს დგამს და თქვენ კიდევ რუს პროპაგანდისტს ციტირებთ.
tabula.ge




