სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი 8:45 საათზე დმანისიდან თბილისისკენ მარშით დაიძრნენ. 3-დღიანი სიმბოლური მსვლელობის მიზანია შეუერთდნენ 31 მარტს თბილისში დაგეგმილ აქციას.
რადიო მარნეულის ინფორმაციით, 100-კილომეტრიანი მარშის მონაწილეები 29 მარტს აქციას გამართავენ ბოლნისში, მერიის შენობასთან; ხოლო 30 მარტს – მარნეულში, ასევე მერიის შენობის წინ. შესაბამისად, აქტივისტების ჯგუფი ჯერ ბოლნისში, ხოლო შემდეგ მარნეულში გაათევს ღამეს და 31 მარტს, დილიდან თბილისისკენ დაიძვრებიან.
აქტივისტები მოდიან შეძახილებით, რომლებიც საქართველოში მიმდინარე 4-თვიანი უწყვეტი საპროტესტო აქციების სიმბოლოდ იქცა. მოთხოვნებს შორის არის: სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების დანიშვნა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა.
მსვლელობის მონაწილეები ხმის გამაძლიერებლით მოუწოდებენ ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, გარდაბნისა და რუსთავის მცხოვრებლებს, რომ შეუერთდნენ მათ.
“თითოეულ სახლთან, თითოეულ ჭიშკართან მოუწოდებენ მოსახლეობას, შეუერთდნენ პროტესტს” – წერს რადიო მარნეული.
რადიო მარნეულის რედაქტორმა, კამილა მამედოვამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გზად შემხვედრებს ურთიერთგანსხვავებული რეაქციები აქვთ.
“ზოგი მხარდაჭერას გამოხატავს. გზას აგებენ დმანისში და ადამიანი, რომელიც არის მუშა, გვითხრა – არ გადამიღოთო, მაგრამ 31 მარტს, მთელი ჩემი ოჯახი თქვენთან ერთად იდგებაო. ვიღაცამ უთხრა [აქტივისტებს] ასე ცოტანი რომ ხართ, რატომ გაქვთ ცვლილებების იმედიო. ზოგმა დაიყვირა – ყველა ესენი ნარკომანები არიანო. მაგრამ ზოგი კითხულობდა – სად მიდიხართო?! თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, ჩვენც წაგვიყვანეთო”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას კამილა მამედოვა, რომელმაც სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მსვლელობის მონაწილეებს შორის არის ლაშა ჩხვიმიანი – დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც, იანვარში, დმანისში, მერიის შენობის წინ, მანქანაში შიმშილობდა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის – მზია ამაღლობელისა და დაკავებული სხვა პირების სოლიდარობის ნიშნად.
31 მარტს, თბილისში მასშტაბური აქცია იგეგმება – დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღის აღსანიშნავად.
„მინდა, რომ ყველას მოგმართოთ და გითხრათ, რომ 31 მარტს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე, ყველანი ერთად შევხვდებით. შევხვდებით და აღვნიშნავთ იმ დღეს, როცა ჩვენ სამუდამოდ უარი ვუთხარით ოკუპაციას, საბჭოთა დროს და „კი“ ვუთხარით დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს“, – აცხადებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, 25 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. წინასწარი ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ის სიტყვით მიმართავს.
ფორუმი
