აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი და თქვა, რომ „მოკრძალებულად წარმატებულმა კომიკოსმა“ დაარწმუნა შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომზე, რომელიც არასოდეს უნდა დაწყებულიყო.
ტრამპის თქმით, ეს ომი პირადად მისი და შეერთებული შტატების გარეშე ვერ მოგვარდება.
„შეერთებულმა შტატებმა 200 მილიარდი დოლარით მეტი დახარჯა ევროპასთან შედარებით. ევროპის ფული გარანტირებულია, ხოლო შეერთებული შტატები სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებს დაიბრუნებს. რატომ არ მოითხოვა მძინარე ჯო ბაიდენმა გათანაბრება, რადგან ეს ომი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ვიდრე ჩვენთვის — ჩვენ დიდი, ლამაზი ოკეანე გვყოფს“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ზელენსკი არ ატარებს არჩევნებს, დაბალი რეიტინგი აქვს უკრაინაში და ერთადერთი, რაც კარგად გამოსდიოდა, ჯო ბაიდენის მანიპულირება იყო.
„დიქტატორმა არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ, სჯობს სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა არ დარჩება. იმავდროულად, ჩვენ წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან ომის დასრულების შესახებ, რაც, ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ „ტრამპს“ და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია. ბაიდენს არასოდეს უცდია, ევროპამ ვერ მოიტანა მშვიდობა და ზელენსკის, ალბათ, სურს გააგრძელოს ფულის მჭრელი მანქანის მუშაობა. მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელად იმუშავა, მისი ქვეყანა დანგრეულია და მილიონები დაიღუპნენ უაზროდ“, — წერს ტრამპი.
ზელენსკისა და ტრამპს შორის რიტორიკა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი თქვა იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე მიუნხენში, ხოლო აშშ-რუსეთს შორის, უკრაინის გარეშე, პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა საუდის არაბეთში.
3 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, უკრაინამ დახმარების სანაცვლოდ შეერთებულ შტატებს იშვიათი წიაღისეული მიაწოდოს. თავად უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ სტრატეგიულ პარტნიორებს სთავაზობს სპეციალურ შეთანხმებას ქვეყნის კრიტიკული რესურსების ერთობლივი დაცვის, ასევე ერთობლივი ინვესტიციებისა და ამ ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესახებ. ეს მოიცავს ტრილიონობით აშშ დოლარის ღირებულების ბუნებრივ რესურსებს და კრიტიკულ ლითონებს, მათ შორის ურანის, ტიტანის, ლითიუმის, გრაფიტის და სხვა სტრატეგიულად ღირებული რესურსების ჩათვლით.
„ევროპულ პრავდას“ ცნობით, მემორანდუმი, რომელიც აშშ-მა კიევს წარუდგინა, უკრაინის ბუნებრივი რესურსებიდან მოგების შუაზე გაყოფას სთავაზობდა. ამასთან, ამერიკული მხარის ბენეფიციარები იყვნენ არა აშშ-ის მთავრობა, არამედ კერძო ინვესტორები. შეთანხმება არ შეიცავდა უსაფრთხოების გარანტიებს, რის გამოც ზელენსკიმ უარი თქვა მიუნხენში დოკუმენტის ხელმოწერაზე.
მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ იმედგაცრუება გამოხატა ელ-რიადში გამართული შეხვედრის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიევი დაადანაშაულა რუსეთთან ომის ვერ აცილებაში, ასევე თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4%-ია და უკრაინაში არჩევნების საჭიროებაზე მიუთითა.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის ბოლო, 2024 წლის დეკემბრის კვლევით, უკრაინელების 52% ენდობა ზელენსკის, 39% კი უნდობლობას უცხადებს.
„თუ ვინმეს ჩემი შეცვლა ახლავე უნდა, მაშინ ახლა ეს არ გამოვა. თუ ვსაუბრობთ 4%-ზე, ჩვენ ვიცით ეს დეზინფორმაცია და გასაგებია, რომ ის რუსეთიდან მოდის. გვაქვს მტკიცებულებებიც“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მან თქვა, პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც დიდ პატივს სცემს, „დეზინფორმაციულ სივრცეში“ ცხოვრობს.
„აშშ დაეხმარა პუტინს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან რუსეთი იზოლაციაში მოექცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
„არავინაა გაღიზიანებული. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.
