დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართვა ხელისუფლებას, საპატრიარქოს, ომბუდსმენსა და საზოგადოებას – Netgazeti

იშვიათი გენეტიკური დაავადების, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლები საჯარო განცხადებით მიმართავენ ხელისუფლებას, საპატრიარქოსა და სახალხო დამცველს. გარდა ამისა, ისინი საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვენ საკუთარი შვილების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლისთვის ბრძოლაში.“მოგმართავთ ხელისუფლებას, რომ ნუ ეთამაშებით ბავშვების სიცოცხლეს. თქვენი უმოქმედობის ყოველი დღე არის ერთი ნაბიჯი ბავშვების სიკვდილისკენ. ნუ აქცევთ თქვენი მმართველობის წლებს ბავშვების სიკვდილის წლებად.მოგმართავთ საქართველოს საპატრიარქოს რომ გთხოვთ გვიშუამდგომლეთ პრემიერ მინისტრის წინაშე, რომ შეგვხვდეს, მოისმინოს ჩვენი პრობლემა და მიიღოს ზომები ბავშვების სიცოცხლის შესანარჩუნებლად.მოგმართავთ სახალხო დამცველს რომ დაიცავით ყველაზე ძვირფასი უფლება რაც კი არსებობს ამ ქვეყანაზე – 100 ბავშვის სიცოცხლის უფლება. ასევე დაიცავით ჩვენი შეკრების და გამოხატვის უფლება და დაგვიდექით გვერდით, რათა საზოგადოებას და სახელმწიფოს გავაგებინოთ ჩვენი პრობლემის შესახებ.მოგმართავთ საზოგადოებას, რომ დაგვიჭირეთ მხარი და ერთად გადავარჩინოთ ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე”, – წერია მშობლეთა განცხადებაში.მშობელთა ორგანიზაცია ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, რომელმაც მათ არ მისცა უფლება მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ კარვები გაეშალათ და პროტესტი 24-საათიანი რეჟიმით გამოეხატათ.“მშობლებმა გადავწყვიტეთ სახელმწიფო კანცელარიის წინ კარვების გაშლა და 24 საათიანი პროტესტი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ სრულიად გამაოგნებელი პასუხი, რომ თურმე ჩვენ სკვერში კარვების გაშლის და 24 საათიანი პროტესტის უფლება არ გვაქვს. თურმე სასიკვდილოდ დაავადებული ქართველი ბავშვების მშობლებმა ჩვენი პროტესტით ქუჩაში მოსეირნე ხალხი, საწარმოები დაწესებულებები და ორგანიზაციები მომეტებულად არ უნდა შევაწუხოთ.შეგახსენებთ რომ აქციებზე კარვების გაშლა საქართველოში არასდროს არ ყოფილა აკრძალული, მათ შორის იმ “სისხლიანი 9 წლის დროს” რომელსაც ხელისუფლება ყოველ წუთში გვახსენებს”, – აცხადებენ მშობლები.მშობლების პროტესტის მიზანია პირადად შეხვდნენ ირაკლი კობახიძეს. ისინი ამ მოთხოვნით აქციებს უკვე 3 თვეზე მეტია მართავენ მთავრობის ადმინისტრაციასთან. დაწერეს არაერთი განცხადება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით. ჯერ კიდევ თებერვალში მათ შეხვდა კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი. ის მშობლებს კობახიძესთან და ჯანდაცვის მინისტრთა კომუნიკაციაში დამხარებას დაჰპირდა. მოგვიანებით, შეხვედრა გაიმართა მიხეილ სარჯველაძესთანაც. თუმცა, მშობლები ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრები უშედეგოა.ამის საფუძველს მათ აძლევთ თითქმის 2-წლიანი კომუნიკაცია სამინისტროსთან. გაიმართა რამდენიმე შეხვედრა უშუალოდ მიხეილ სარჯველაძესთანაც. თუმცა, უწყებისგან შესაბამისი რეაგირების არქონის გამო, მათმა პროტესტმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა.