დისტრიბუტორები ქსელურ მაღაზიებში შესვლის მაღალ გადასახადებზე საუბრობენ – რას პასუხობენ მათ რითეილები?

,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში” გაუარესებულ პირობებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ საცალო ვაჭრობის ქსელებმა გადასახადები გაზარდეს და ქსელურ მარკეტებში შესვლა დისტრიბუტორებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს. ასოციაციაში განმარტავენ, რომ ბიზნესი იხდის, როგორც ქსელში დაშვების საფასურს, ასევე სხვადასხვა მარკეტინგულ ხარჯს. როგორიც არის თაროზე დაშვების საფასური, ე.წ რეტრობონუსი, ქეშბექი და სხვა.
,,კომერსანტი“ დაინტერესდა რა პოზიცია აქვთ თავად ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს. ჩვენ ,,რითეილ ასოციაციას“ დავუკავშირდით, რომელიც ბაზარზე მოქმედ 13 ქსელურ მაღაზიას აერთიანებს. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ბაზარი საქართველოში კონკურენტულია, რაც დისტრიბუტორებს საშუალებას აძლევს იმ კომპანიასთან ითანამშრომლონ, რომელთანაც მათთვის სასურველი პირობებით ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებენ.
,,პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ძალიან მაღალი კონკურენციაა საქართველოში, როგორც არაორგანიზებული, ასევე ორგანიზებულ ბაზარში. ამასთან დაკავშირებით არაერთი კვლევა დაიდო. ცალკე კონკურენციის სააგენტომ გააკეთა დასკვნა, რომ საქართველოში მაღალი კონკურენციაა. ეს რას ნიშნავს? რომ არის 20-ზე მეტი ქსელური მაღაზია, კომპანიები, რომლებთანაც შეუძლიათ ითანამშრომლონ დისტრიბუტორებმა. ანუ, ვერ გააფორმეს შესაბამის პირობებზე ერთ კომპანიასთან მათთვის მისაღები ხელშეკრულება, შეუძლიათ დაანებონ ამ კომპანიას თავი და სხვასთან გააფორმონ.’’- აცხადებს სოფო ქაშაკაშვილი.
,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ აუცილებელია საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება, რომელიც ბიზნეს ურთიერთობებს გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს. ამ პოზიციას არ იზიარებენ ,,რეთეილ ასოციაციაში“. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ბიზნეს სუბიექტებს შორის ურთიერთობაში სახელმწიფოს ჩარევის საჭიროებას ვერ ხედავს.
,,ძალიან უცნაურია, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეში მუშაობს, რატომ უნდა ვთხოვოთ სახელმწიფოს, რომ ჩარჩოებში მოგვაქციოს, გაგვაკონტროლოს და რაღაც მიგვითითოს კერძო ბიზნესს სუბიექტებს. ეს არის აბსოლუტურად ორი კერძო სუბიექტის ურთიერთობა და უნდა დარეგულირდეს ხელშეკრულებით. არსებობს სამოქალაქო კოდექსი, რომელიც ძალიან კარგად არეგულირებს ურთიერთობას კერძო სუბიექტებს შორის. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება თანამედროვე, დემოკრატიულ ქვეყანაში კერძო ბიზნესი ითხოვდეს სახელმწიფო ჩარევას სხვა კერძო სექტორთან ურთიერთობებში. თვითონ სახელმწიფომაც კი 2 თუ 3 წლის წინ დაძრა ეს საკითხი. იყო მოკვლევა. გვქონდა კონსულტაციები. თავად სახელმწიფომაც კი მიიჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი მისი მხრიდან ჩარევა ასეთი ტიპის ურთიერთობებში.’’- აცხადებს სოფო ქაშაკაშვილი.
,,რითეილ ასოციაციის’’ აღმასრულებელი დირექტორი ,,კომერსანტთან’’ განმარტავს, რომ დისტრიბუტორებს ამ საკითხთან დაკავშირებით მათთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. სოფო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ პრობლემის შესახებ მან მედიისგან გაიგო.
,,პერიოდულად, რატომ ხდება დისტრიბუტორების მხრიდან ამ საკითხის წამოწევა, მაშინ როდესაც ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ძალიან კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ სხვა საკითხებზე. ერთობლივი პრობლემები როცა გვაქვს ფანტასტიურად ვთანამშრომლობთ. მაგრამ შემდეგ ვიგებ, რომ რაღაც პრობლემები აქვთ. ისე, რომ ჩვენთან არ მოდიან ამ საკითხით. დისტრიბუტორთა ასოციაციასთან კომუნიკაცია ამ თემაზე არ ყოფილა. წარმოუდგენელია, რატომ უნდა ვიგებდეთ მედიისგან ამ საკითხებს. რატომ არ ცდილობენ, რომ ისე დალაგდეს ეს ურთიერთობები? ჩვენი ასოციაცია მთლიანად არ აერთიანებს ორგანიზებულ ბაზარს. ჩვენ 13 წევრი გვყავს და მათი პოზიციიდან გამომდინარე ვაკეთებთ კომენტარს. იმის იქით არიან კიდევ საკმაოდ დიდი ქსელები, რომლებსაც ჩვენ არ წარმოვადგენთ და შეიძლება როდესაც დისტრიბუტორები რითეილერების მიმართ აფიქსირებენ პრეტენზიებს, რომელიმე ისეთი ქსელი მოიაზრონ, რომელიც ჩვენი წევრი არ არის.’’- აცხადებს სოფო ქაშაკაშვილი.
,,რითეილ ასოციაციის’’ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ ასოციაცია ხელშეკრულების შინაარსში არ ერევა, რადგან ეს კონფიდენციალურია. სოფო ქაშაკაშვილი აცხადებს, რომ ყველა კომპანიას ინდივიდუალური პოლიტიკა და სხვადასხვა მომწოდებლებთან სხვადასხვა პირობები აქვს.