ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, „ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა 2025 წლის 27 იანვრის ბრძანებით ცვლილებები შეიტანა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში, რითაც უკანონოდ გააუარესა დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების უფლებრივი მდგომარეობა.
საია აღნიშნულს საჯარო მოხელეების მიმართ 2024 წლის დეკემბრიდან მიმდინარე რეპრესიების გაგრძელებად აფასებს და პირდაპირ იმეორებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დეკემბრის თვეში შეტანილ ცვლილებებს.
„სამინისტროს მიერ უხეშად დარღვეულია ფორმალური კანონიერების პრინციპიც. ცვლილებების მიხედვით, ბრძანებამ, როგორც ქვემდგომმა აქტმა, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი იერარქიის საწინააღმდეგოდ გააუარესა ზემდგომი აქტით, ანუ, დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონით დადგენილი სამართლებრივი მოცემულობა“, — აცხადებს საია.
ამასთან, საიას თანახმად, შინაარსობრივად ცვლილებები იწვევს დიპლომატიური სამსახურის სრულად პარტიულ ინტერესს დაქვემდებარებას, კერძოდ:
· ადმინისტრაციული ხელშეკრულების გავრცელება დიპლომატიური თანამდებობის პირებზე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის საწინააღმდეგოდ;
· დიპლომატიური სამსახურის პარტიულ ინტერესს დაქვემდებარება;
· ხელშეკრულების ნებისმიერ დროს შეწყვეტის დისკრეცია.
უფრო კონკრეტულად, ცვლილებების მიხედვით, ბრძანებაში, რომელიც აწესრიგებს „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესს, გაჩნდა პირველადი სტრუქტურული ერთეულის და მისი მოადგილის ცნებები, რომელთა პოზიციაზეც დანიშვნა შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. შედეგად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დაინიშნებიან სამინისტროს გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, დეპარტამენტის დირექტორი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მინისტრის სამდივნოს უფროსი, იმის მიუხედავად, რომ დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონი მათ არ განიხილავს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად.
ამავდროულად, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს „არ უკავია ამ კანონით დიპლომატიური თანამდებობის პირისთვის, ადმინისტრაციული პერსონალისთვის ან ტექნიკური პერსონალისთვის გათვალისწინებული თანამდებობა“. ამასთან, გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი და სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი არის უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა, სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და მინისტრის სამდივნოს უფროსი – უფროსი დიპლომატიური თანამდებობა.
საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. შესაბამისად, საიას შეფასებით, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ წესში შესული ცვლილებები ფორმალური კანონიერების მოთხოვნებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
ამასთან, ცვლილებები ძალაში გამოქვეყნებისთანავე, 2025 წლის 28 იანვარს შევიდა. აღნიშნული თანამდებობის პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ავტომატურად ჩაითვლებიან 2025 წლის 1-ელი იანვრიდან. ბრძანება მაცნეზე შეცდომით თარიღდება 2025 წლის 28 ნოემბრით, შესაბამისად, მომავალი თარიღით.
გარდა ფორმალური კანონიერების პრობლემისა, საიას თანახმად, აღნიშნული მოწესრიგება ცალსახად არის დიპლომატიური სამსახურის პოლიტიზების, დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ პირთა გარანტიების შესუსტების და მათ მიმართ პოლიტიკური დისკრიმინაციის ინსტრუმენტი.
„საგანგაშოა, რომ ცვლილებების შედეგად, მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად გამოიწვევს აღნიშნულ პირებთან ხელშეკრულების შეწყვეტას. აღნიშნული ცვლილება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ამ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ახალი მერის არჩევის შემთხვევაში სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა“, — აცხადებს საია და დასძენს, რომ როგორც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, ისე მინისტრის ბრძანება, სრულად ეწინააღმდეგება პროფესიული საჯარო მოხელის კონცეფციას და ფაქტობრივად, აუქმებს მოხელის იერარქიაში პირველი რანგის თანამდებობას.
ცვლილების შედეგად, დიპლომატიურ სამსახურში, გარდა კანონისმიერი საფუძვლებისა, შესაძლებელი ხდება აღნიშნულ თანამდებობის პირთა ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით შეწყვეტა, რის თაობაზედაც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება მინისტრის ინიციატივით წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საია აღნიშნავს, რომ მსგავსი მოწესრიგება უკვე არაკონსტიტუციურად აქვს ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს.
საია მიიჩნევს, რომ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში შეტანილი ცვლილებები მკაფიო გაგრძელებაა საჯარო მოხელეებისკენ მიმართული რეპრესიებისა. 2024 წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც საჯარო მოხელეებმა, ასევე, გამოხატეს პროტესტი „ქართული ოცნების” პოლიტიკის მიმართ, რომელმაც შეაჩერა ევროკავშირში მოლაპარაკების პროცესი, ინტენსიურად დაიწყო საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლა, რაც, საბოლოოდ აისახა „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” შეტანილი ცვლილებებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ ერთ-ერთი პირველი საჯარო მოხელეები, რომლებმაც ღიად დაგმეს მიმდინარე მოვლენები, რასაც შედეგად მოჰყვა მათი და ზოგადად კრიტიკული აზრის მქონე საჯარო მოხელეების გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარა და თანამდებობის დატოვებისკენ მოწოდებები “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დასჯადი ქმედებაა პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე.
საია მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროოს, ამოქმედდა თუ არა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონთან შეუსაბამო 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით გათვალისწინებული რეგულირება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
