„დინამოს“ ფანკლუბი დემონსტრანტთა დასახმარებლად მოძრაობას აფუძნებს

„დინამოს“ ფანკლუბი „მიმინო 1925“ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეების დასახმარებლად მოძრაობას აფუძნებს, რომელსაც „პირველი მერცხალი“ ჰქვია.

„ჩვენთვის დინამო იყო, არის და იქნება ეროვნული სულისკვეთების სიმბოლო.

რუსული კანონის ინიციირების დღიდან გვქონდა მკაფიო პოზიცია და დაუგეგმავად ვიდექით დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

ერთი წლის შემდეგ საპოლიციო რეჟიმის დინამიკა გვკარნახობს, რომ დათითოკაცებული აქტივობა უკვე საფრთხისშემცველია და დროა, გავერთიანდეთ.

მმართველი პარტიის მიერ უკანასკნელი კვირების განმავლობაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა მიიყვანა სახიფათო გზაჯვარედინამდე.

სწორედ ამიტომ აუცილებელია გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და ყველანი განურჩევლად დავგდეთ ერთ მხარეს. საქართველოს, ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის და კონსტიტუციის დასაცავად, გადავწყვიტეთ, ვიმოქმედოთ ერთობლივი ძალებით.

ვაფუძნებთ „პირველი მერცხალის“ მოძრაობას. ვიდგებით იქ, სადაც დასჭირდება ქართველ ხალხს – ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირება, ჰუმანიტარული აქტივობები და კოორდინაციისა და ორგანიზებულობის ზრდა. ყველა დინამოელს, ყველა ფანს, ყველა მოქალაქეს – შემოგვიერთდით!“, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს