ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჯგუფი სამართლიანად და უსამართლოდ იბრალებს თავის წვლილს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიღებაში, საქართველომ სტატუსი გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე მიიღო.
როგორც ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმე“ განაცხადა, საქართველოზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად გაივლის პროცესებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობიდან გაწევრიანებამდე.
„კანდიდატის სტატუსი მიღებაში ყველა მთავრობას აქვს თავისი წვლილი შეტანილი, მათ შორის, „ქართულმა ოცნებამაც“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა: ჯერ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით და შემდგომ უკვე უვიზო რეჟიმით.
დღევანდელი მოცემულობით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჯგუფი სამართლიანად და უსამართლოდაც იბრალებს თავის წვლილს, მაინც გადაწყვეტილება მიღებულია გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. პირველი, რამაც შესაძლებლობა გააჩნია, არის უკრაინაში რუსეთის შეჭრა და მეორე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ არ შეასრულა რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ამის მიუხედავად გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, იმ დათქმით, რომ რეკომენდაციები შესრულდება. ეს ითვალისწინებს იმას, რომ საქართველო არ უნდა დარჩენილიყო ახალი გეოგრაფიის მიღმა.
ახლა უკვე ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად გავივლით პროცესს, კანდიდატიდან გაწევრიანების გეგმაზე გადავიდეთ, დავიწყოთ მოლაპარაკებები და საბოლოო ჯამში გავწევრიანდეთ. ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
კითხვაზე, საქართველოს რამდენად აქვს შანსი მოლაპარაკებების განხილვის გახსნასთან დაკავშირებით, ცქიტიშვილი პასუხობს, რომ არ არის კონკრეტული დათქმა, როდის შეიძლება გადახვიდე კანდიდატიდან მოლაპარაკებების დაწყებამდე.“
„2024 წლის დეკემბერში იქნება კიდევ ერთი შეფასება. ჩვენ შეგვიძლია გაზაფხულზე გადავიდეთ ან შემოდგომაზე. როგორც კი შევასრულებთ 9 დათქმას, მაშინვე შეიძლება გადავიდეთ მოლაპარაკებებზე. განსაკუთრებული ვადა არ გვაქვს მოცემული“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე შეფასებით,თუკი ქვეყანა ეკონომიკურად და სოციალურად არ იქნება მზად გაწევრიანებისთვის, შეიძლება, ეს დამაზიანებელიც იყოს.
„გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება ერთია, მაგრამ პროცესი სადაც სრული ინტეგრაცია უნდა მოხდეს, გეოპოლიტიკის მიღმაა. ეს არის პროცესი, სადაც ნაციონალური ინტერესები ჭარბობს, შესაბამისად,იქ გადაწყვეტილებას მიიღებენ მხოლოდ, დამსახურებაზე დაფუძნებულად. სხვა შემთხვევაში ევროპული სისტემა მოიშლება. ქვეყნებთან სინქრონიზაცია ვერ მოხდება. მურუსიძის სასამართლო ვერ იმუშავებს ევროკავშირის სასამართლოსთან. ჩვენი სოციალური პოლიტიკა ვერ იმუშავებს ამ სოციალურ პოლიტიკასთან. ჩვენი ეკონომიკა ვერ იმუშავებს ამ ეკონომიკასთან და ჩვენი ეროვნული ბანკი ევროპის ეროვნულ ბაკთან ვერ იმუშავებს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.