რუსეთის დელეგაციამ აშშ-სთან და უკრაინასთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინისგან ინსტრუქციები მიიღო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“გუშინ ღამით მათ სახელმწიფოს მეთაურისგან ინსტრუქციები მიიღეს“, – აღნიშნა პესკოვმა.
კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასიდან უნდა გავიდნენ და რომ ეს მოსკოვის მიერ წამოყენებული მნიშვნელოვანი პირობაა.
“რუსეთის პოზიცია კარგად არის ცნობილი, რომ უკრაინამ, მისმა შეიარაღებულმა ძალებმა დონბასის ტერიტორია უნდა დატოვოს. ისინი იქიდან უნდა გაიყვანონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ში გაყინული რუსული აქტივებიდან თანხის ნაწილი, შესაძლოა, დონბასში ომის დროს დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად გამოიყენონ.
“პუტინმა ასევე თქვა, რომ ის შეიძლება დაიხარჯოს საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანებული ტერიტორიების აღდგენაზე. ამ კონტექსტში, ახლა შემიძლია ერთი რამ ვთქვა: დონბასში მდებარე ტერიტორიები საბრძოლო მოქმედებების დროს მართლაც მნიშვნელოვნად დაზიანდა“, – აღნიშნა პესკოვმა.




