დიმიტრი პესკოვი – რუსეთი მზად არის ირანიდან ზედმეტი ბირთვული მასალა გაიტანოს

რუსეთი მზად არის ირანიდან ზედმეტი ბირთვული მასალა გაიტანოს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„საჭიროების შემთხვევაში, თუ მხარეები ამას საჭიროდ ჩათვლიან, მზად არის, რომ ირანიდან ზედმეტი ბირთვული მასალის გატანა უზრუნველყოს“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთს ირანთან მუდმივი კონტაქტი აქვს.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ბირთვული შეთანხმების მიღწევის მიზნით თეირანსა და ვაშინგტონს პრაქტიკული დახმარება გაუწიოს.
„ჩვენ მზად ვართ, ვაშინგტონსა და თეირანს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული დახმარება გავუწიოთ. მაგალითად, ირანის მიერ წარმოებული ჭარბი ბირთვული მასალის გატანით“, – აღნიშნა რიაბკოვმა.