დიმიტრი გვრიტიშვილი – ბესარიონ ალავიძეს, ს წინ, მისმა პატრონებმა დაუკვეთეს სასამართლო სისტემის გაშავების მორიგი მცდელობა, პოლიტიკურ პროცესებში ტემპერატურის რამენაირად აწევის მიზნით

ბესარიონ ალავიძე არ ერიდება თავისი ყოფილი კოლეგების და სასამართლო სისტემის მიმართ უსინდისო ცილისწამებას – ბესარიონ ალავიძის სახით, ჩვენ ვხედავთ მმართველი პოლიტიკური ძალისადმი მკაფიოდ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ აქტივისტს, რომელიც, პირადი წყენის და უკანონოდ დაპირებული სარგებლის სანაცვლოდ, დაეთანხმა ყოფილი კოლეგების წინააღმდეგ წარმოებული, ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილად, რუპორად ქცევას, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის მიერ სასამართლო სისტემის შესახებ ვიდეო-ჩანაწერში გაკეთებულ განცხადებას.
როგორც დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რეალობა ისაა, რომ არჩევნების წინ, ბესარიონ ალავიძეს „მისმა პატრონებმა დაუკვეთეს სასამართლო სისტემის გაშავების მორიგი მცდელობა, პოლიტიკურ პროცესებში ტემპერატურის რამენაირად აწევის მიზნით“.
„თუ მასზე რაიმე სახის ზეწოლა იყო, 2017 წელს გამოძიების ფარგლებში დაკითხვისას, ასევე – მასმედიასთან საჯარო კომენტარების გაკეთებისას, რატომ აცხადებდა ბ. ალავიძე, რომ არასდროს განუცდია და დაუდასტურებია ზეწოლის არსებობა არავის მხრიდან? (იხ: ინტერვიუ – https://imedinews.ge/…/besarion-alavidze-zetsola…).
იგივე განაცხადა პროკურატურამაც, გამოძიების მასალებზე დაყრდნობით, რომ ბ. ალავიძეზე რაიმე სახის ზეწოლის ფაქტი არ დასტურდებოდა (იხ: პროკურატურის ბრიფინგი – https://kvira.ge/309532).
როდის ცრუობდა თუ ცრუობს ბ. ალავიძე, მაშინ თუ ახლა? ეს არის კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელია.
სამაგიეროდ, გვაქვს პასუხი ერთ ლოგიკური კითხვაზე: რა მიზანს ისახავს ბესარიონ ალავიძის ამგვარი, სისტემატური კამპანია? გვაქვს ინფორმაცია, რომ ის, კონკრეტულ ადამიანებთან, აცხადებდა, რომ ე.წ. ენჯეო-სექტორის (რომელიც ქართულ სინამდვილეში უკვე ცნობილია, როგორც განსაკუთრებული დესტრუქციული ძალა, კაპიტანი გიგაურის და მისთანების ხელმძღვანელობით) დაპირებით და ხელშეწყობით, საკუთარი თავის ჩაგრულად, მსხვერპლად წარმოჩენის და ამით სასამართლო სისტემის ,,გაშავების“ სანაცვლოდ, ის მიიღებდა პოლიტიკურ თავშესაფარს საზღვარგარეთ და ,,უზრუნველ მომავალს“. ამ საქმეში მას უშუალოდ ეხმარებოდა ე.წ. ენჯეო-სექტორის ერთ-ერთი სახე და ლიდერი – კახა წიქარიშვილი, სასამართლო სისტემაზე განაწყენებული, კიდევ ერთი ეგზალტირებული ადამიანი. ამაზე მე ჯერ კიდევ 2022 წელს ვსაუბრობდი, მაშინაც უჩვეულოდ გააქტიურებული ბ. ალავიძის საპასუხოდ (იხ: https://1tv.ge/…/dimitri-gvritishvili-besarion…/).
ამგვარი მიზნის არსებობით ხსნიდა ბ. ალავიძის მოულოდნელ და უჩვეულო გააქტიურებას მოქმედი და ცნობილი ადვოკატიც საკუთარ ფეისბუქ-სტატუსით, რომელიც აცხადებდა, რომ ეს აქტიურობა ბ. ალავიძის ,,ვაჟკაცობით“ კი არა, არამედ ,,პოლიტიკური თავშესაფრის ტკბილი სიკეთით“ იყო გამოწვეული (იხ: ადვოკატ პაატა კიკვიძის სტატუსი – https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=10218268641827401&id=1831426866 ).
ეს ყველაფერი ცხადად წარმოაჩენს, რომ ბესარიონ ალავიძე არ არის სასამართლო სისტემის კონსტრუქციული, ობიექტური და შედეგზე ორიენტირებული კრიტიკოსი. რეალობა ისაა, რომ არჩევნების წინ, მისმა პატრონებმა დაუკვეთეს სასამართლო სისტემის გაშავების მორიგი მცდელობა, პოლიტიკურ პროცესებში ტემპერატურის რამენაირად აწევის მიზნით. ამდენად, ბესარიონ ალავიძის სახით, ჩვენ ვხედავთ მმართველი პოლიტიკური ძალისადმი მკაფიოდ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ აქტივისტს (ეს ვლინდება ბ. ალავიძის თითქმის ყოველდღიურ, პოლიტიკური კრიტიკისა და ლანძღვის ნიაღვრით გაჯერებულ პოზიციონირებაში), რომელიც, პირადი წყენის და უკანონოდ დაპირებული სარგებლის სანაცვლოდ, დაეთანხმა ყოფილი კოლეგების წინააღმდეგ წარმოებული, ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილად, რუპორად ქცევას”, – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი.
შეგახსენებთ, იურისტი კახა წიქარიშვილი ასაჯაროებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს, სადაც ალავიძე საუბრობს იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში არსებული „კლანისა“ და ხელისუფლების მხრიდან განიცდიდა ზეწოლას კონკრეტულ საქმეებზე მათთვის სასურველი განაჩენების გამოტანის მიზნით. უზენაესი სასამართლო ყოფილი მოსამართლე ჩანაწერში, მათ შორის ასახელებს შემდეგ საქმეებს: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისათვის მიკუთვნება, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დავა ჯოზეფ ქეისა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის დავა „მაესტროს“ წილებზე და ა.შ ის საუბრობს მუქარაზე, ქრთამის შეთავაზებაზე, ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც. მოსამართლე ჩანაწერში საუბრობს იმაზე, რომ სუიციდზეც ფიქრობდა.
„ბევრჯერ მიფიქრია, უზენაესი სასამართლოს გარე ფასადზე ავალ და მოსამართლის მანტიით ჩამოვიკიდებ თავს-მეთქი, ასე საჯაროდ. დაინახონ ადამიანებმა, რომ მოსამართლემ თავი მოიკლა და ამით ყველა მიხვდება სასამართლოში რა სიტუაციაა – ისეთი ზეწოლისა და სტრესის ქვეშ ვიყავი“, – განაცხადა ალავიძემ.