დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად, 2 პირის გარდაცვალების გარდა, რამდენიმე ადამიანი დაშავდა

დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე გუშინ მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად, 2 პირის გარდაცვალების გარდა, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
დაშავებულების რაოდენობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში არ აკონკრეტებენ, თუმცა როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ ცენტრში განუცხადეს, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
როგორც სააგენტომ გაარკვია, 2 დაშავებული თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, რაც „ინტერპრესნიუსს“ თავად კლინიკაში დაუდასტურეს, თუმცა იმ მიზეზით, რომ საქმე პერსონალურ ინფორმაციას ეხება, საავადმყოფოში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
ინფორმაციისთვის, გუშინ, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, -თბილისის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც ლიანდაგზე სამუშაოებს ახორციელებდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 -ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.