მოკლედ
· დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს – სანქცირების მიზეზებში დასახელებულია მათი მხარდაჭერა რუსეთისთვის უკრაინის ომში და მონაწილეობა დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში.
· ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები წესდება საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის ფონზე.
“რუსეთის საომარი პოზიციების შესუსტების გამო, კრემლი სულ უფრო მეტად ეძებს მესამე ქვეყნებში არსებულ მარიონეტებს, რათა მხარი დაუჭირონ მის საომარ და პროპაგანდისტულ ოპერაციებს, მათ შორის საქართველოში” – ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში;
სანქცირებულ ფარცხალაძესა და ვასაძეს გაეყინათ ფინანსური აქტივები ბრიტანეთში და აეკრძალათ ქვეყანაში შესვლა. ლევან ვასაძე პირველად გახდა სანქციების სამიზნე, ოთარ ფარცხალაძე კი დასანქცირებული ჰყავს აშშ-ს;
ლევან ვასაძე სანქცირებულია შემდეგი საფუძვლით:
· ნებისმიერი ისეთი პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერა ან ხელშეწყობა, რომელიც იწვევს უკრაინის დესტაბილიზაციას ან საფრთეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.
ოთარ ფარცხალაძე-რომანოვის სანქცირება ასეა დასაბუთებული:
· იღებდა ან იღებს სარგებელს რუსეთის მთავრობისგან ან მხარს უჭერს მას „მოსკოვის ბიზნეს საბროკერო კომპანიის“ დირექტორად მუშაობით. ეს კომპანია საქმიანობს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში, კერძოდ, ფინანსური მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში.
კონკრეტული პირების გარდა ბრიტანული სანქციები დაუწესდა ორ ნავთობტანკერს რუსული ნავთობის ბათუმის პორტში ტრანსპორტირების გამო – ისინი ბრიტანეთის მიერ რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილად იქნა მიჩნეული და დიდი ბრიტანეთის პორტებში შესვლა აეკრძალათ.
“ჩრდილოვანი ფლოტი”– მოძველებული და სახიფათო ხომალდებია, რომლებსაც კრემლი იყენებს რათა შეინარჩუნოს ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი, რაც არის რუსეთის მთავარი წყარო უკრაინაში უკანონო ომის დასაფინანსებლად. სანქციების ამ პაკეტში შესულ 2 გემს აეკრძალებათ დიდი ბრიტანეთის პორტებში შესვლა და არ მიეცემათ წვდომა გაერთიანებული სამეფოს გემების სარეგისტრაციო სისტემაზე”- ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
“ეს მოქმედებები მოყვა 2024 წელს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესებას, რაც გამოწვეული იქნა მმართველი პოლიტიკური პარტიის, ქართული ოცნების, მოქმედებების შედეგად, კერძოდ კი კრემლის მიერ მიღებული კანონების მსგავსი საკანონმდებლო ცვლილელების შემოღებით, სამოქალაქო საზოგადოების დევნითა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით” – ეს უკვე ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაა, რომელიც სანქციების გამოცხადების ინფორმაციის შემდეგ გამოქვეყნდა.
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება 2024 წლის დეკემბერში დაიწყო, ხალხმრავალი საპროტესტო აქციების სასტიკად დარბევისა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების ფონზე.
· 2024 წლის 19 დეკემბერს ბრიტანული სანქციები დაუწესდათ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს, ალექსანდრე დარახველიძეს, სულხან თამაზაშვილს, ზვიად ხარაზიშვილს და მილერი ლაგაზაურს. მათგან შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მხოლოდ ალექსანდრე დარახველიძეა დარჩენილი.
· 2024 წლის 2 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა ქართველო მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე.
· 2025 წლის 10 აპრილს სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს, გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე მირზა კეზევაძეს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ კარლო კაციტაძეს. ამ ფაქტიდან ერთ თვეში სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდა და საქართველოში გენერალური პროკურორი გამოიცვალა;
