დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ბიზნესმენი ლევან ვასაძე დაასანქცირა.
გაერთაინებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, ახალი სანქციები პუტინის უკრაინაში უკანონო ომის საქართველოსთან დაკავშირებულ მხარდამჭერებს ეხება.
განცხადების თანახმად, პოლიტიკოსს და მედიამაგნატ ლევან ვასაძეს სანქციები დაუწესდა საკუთარი პლატფორმების პრორუსული დეზინფორმაციისთვის გამოყენებისთვის, ასევე, სანქციები დაეკისრა ბიზნესმენ ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც „რუსეთთან და „ქართული ოცნების“ უმაღლეს ეშელონებთან ფართო კავშირები აქვს“.
ასევე, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი, ორი ნავთობტანკერი დასანქცირდა რუსული ნავთობის ბათუმის პორტში ტრანსპორტირებისთვის.
„რუსეთის საომარი პოზიციების შესუსტების კვალდაკვალ, კრემლი სულ უფრო მეტად ეძებს მესამე ქვეყნებში მოქმედ მარიონეტებს, რათა მხარი დაუჭირონ მის საომარ და პროპაგანდისტულ ოპერაციებს, მათ შორის საქართველოში“, — ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის განცხადებაში.
„პუტინის საომარი მანქანა საერთაშორისო ქსელს ეყრდნობა ტყუილის გასავრცელებლად და ამ ქსელის დასაფინანსებლად. ჩვენ კიდევ ერთ სასიცოცხლო ხაზს ვჭრით საქართველოში იმ ადამიანების მიზანში ამოღებით და შეკავებით, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის უკანონო ომს უკრაინაში. კრემლს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს პუტინის მხარდამჭერი ბნელი ქსელების გამოაშკარავებას“, — განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუთიმ.
გაერთიანებული სამეფო ხაზს უსვამს, რომ სანქციების დაწესება მოჰყვა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოსთან კავშირების შემცირებას 2024 წელს, რაც იყო პასუხი „ქართული ოცნების“ მიერ კრემლის მიერ შთაგონებული კანონების აღსრულებაზე, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებსა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებაზე.
