„დიდი სიბრიყვეა, როდესაც სანქციების შედეგების რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობამდე დაყვანა ხდება… პრობლემა ის არის, რომ სანქცირებულ მთავრობას არავინ დაელაპარაკება ევროპიდან და აშშ-დან“
ძალიან დიდი სიბრიყვეა, როდესაც სანქციების შედეგების რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობამდე დაყვანა ხდება – ამის შესახებ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, სანქცირებულ მთავრობას ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან არავინ დაელაპარაკება და არ შეიქმნება აღარც ერთი პროექტი, რომელსაც მოქალაქეების კეთილდღეობა უნდა აემაღლებინა.
„ძალიან დიდი სიბრიყვეა, როდესაც სანქციების შედეგების რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობამდე დაყვანა ხდება. პრობლემა ის კი არ არის, რომ ეს ჩვენი ფულით ხელფასგადახდილი ადამიანები მაგალითად ტალინში, ვილნიუსში ან ნიუ-იორკში ვერ გაატარებენ შვებულებას ან შვილებს იქ ვერ ასწავლიან. გასაგებია, რომ მათ ეს არ ადარდებთ: დუბაიში, პეკინში, გოაზე წავლენ და იქ დახარჯავენ შენი გადასახადებით კანონიერად თუ უკანონოდ მიღებულ შემოსავალს.
პრობლემა ის არის, რომ სანქცირებულ მთავრობას არავინ დაელაპარაკება ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან, არ შეიქმნება და განვითარდება აღარცერთი პროექტი, რომელსაც შენი კეთილდღეობა უნდა აემაღლებინა, ჯანმრთელობა უნდა მოეტანა, უფლებები უნდა დაეცვა, არ შედგება მოლაპარაკებები ტერიტორიული მთლიანობის არათუ აღდგენაზე, შენარჩუნებაზეც კი, არ გაგრძელდება თავდაცვის ძალების, პოლიციის, უსაფრთხოების განვითარების პროექტები.
ეს სანქცირებული ხალხი შენი ფულის ხელფასად მიღებით თუ მოპარვით ისევ გააგრძელებს გამდიდრებას, პერიოდულად გცემს, ფუნდამენტურ უფლებებს შეგიზღუდავს და შენი მშველელი არავინ იქნება. თავად ეს ძალიან კარგად იციან, უბრალოდ შენ გატყუებენ, დიდად არ ვდარდობ, ისეთი მაგარი ქართველი ვარ, არც ვაპირებდი სადმე გამგზავრებასო“, – წერს ანდრო გოცირიძე.
ცნობისთვის, 16 დეკემბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.