ჩემპიონთა ლიგა, რომელიც განსხვავებული ფორმატით პირველად ტარდება, ლიგის ფაზის გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. ბოლო ორ ტურს გარკვეული მოცემულობების მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია.
პირდპაირ საუკეთესო 16-ში გასვლას ვიმ ჩივის, 24 მონაწილეს შორის მოხვედრა ისეთ გუნდებს უჭირთ, როგორებიც “მანჩესტერ სიტი” და ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ (ამ ეტაპზე, საპლეიოფო ზონის მიღმაა) არიან. სამწუხაროდ, “კვარა” პლეი-ოფამდე განაცხადშიც ვერ იქნება. იმედია, პარიზელებს ფინალის გზაზე ვიხილავთ.
კვარაცხელია კარგ ხასიათზეა, თუმცა ჯერ მხოლოდ ვარჯიშობს და ლიგაზე ვერ ითამაშებს
ჩვენი მთავარი ინტერესი სწორედ საფრანგეთის დედაქალაქისკენაა, სადაც მასპინძლები ბოლო დროს ფორმაში შესულ
“სიტის” დაუხვდებიან – “პარკ-დე-პრენსზე”(48 229), ოთხშაბათს, 22 იანვარს, ჩვენი დროით 23:59 საათზე.
გუნდებს შორის სხვაობა 1 ქულაა, “ქალაქელების” უპირატესობით. ორივე გუნდს დასკვნითი დაპირისპირების იმედი უფრო ექნება – პსჟს “შტუტგარტთან”, გვარდიოლას ბიჭებს – “ბრიუგესთან.” პარიზელებს ლიგის ფაზის ეტაპზე სხვებზე მეტად არ გაუმართლათ – “ბაიერნი”, “არსენალი”, “ატლეტიკო”, ახლა უკვე “სიტიც”, მაგრამ ყველა გრანდებთან მარცხი მაინც დიდი იმედგაცრუებაა. ლუის ენრიკეს გუნდმა “ჟირონასა” და “ზალცბურგს” აჯობა, თუმცა ვერც პსვ-ს დამარცხება მოახერხა. რაც შეეხება “სიტის”, 8 ქულის მოპოვებაში მთავარი “დახმარება” “სპარტამა” და “სლოვანმა” გაუწიეს, “ფეიენოორდს” ვერ მოუგეს, “ინტერთან” ფრეს გამორჩნენ, “იუვენტუსთან” წააგეს, აი, დღეს “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაც ამორიმის “სპორტინგთან” კი განადგურდნენ – 1:4.
ამ გუნდების ბოლო მატჩში მბაპემ გაიტანა, პსჟ-მ მაინც წააგო…
ამ გუნდებს შორის ჩატარებული 7 შეხვედრიდან პარიზელებმა მხოლოდ ერთი მოიგეს (ორი ფრე). რაც შეეხება ლუის ენრიკეს, პსჟ-ს თავკაცმა პეპ გვარდიოლასთან 5 დუელისან მხოლოდ ორში წააგო. მხოლოდ ენრიკემ და იურგენ კლოპმა შეძლეს, გვარდიოლას გუნდი სამი და მეტი გოლით ერთზე მეტჯერ დაემარცხებინათ.
შიდა ჩემპიონატში პარიზელების გამარჯვება ეჭვს არ იწვევს(9-ქულიანი უპირატესობა მარსელთან), მანჩესტერელებს კი ბრძოლა გაუჭირდებათ(ლივერპულს 12 ქულით ჩამორჩებიან), რის გამოც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნორში წინსვლას მეტ მნიშვნელობას მიანიჭებენ.
თუ ჩვენ კვარაცხელიას უთამაშებლობა გვადარდებს, “სიტიმ” ამ ეტაპზე უზბეკი ხუსანოვი და ეგვიპტელი მარმუში (აინტრახტში შეუჩერებელი იყო) ვერ დაარეგისტრირა. როდრის არყოფნაზე ისედაც ვიცით.
ხვიჩა და ფაბიან რუისი. “ნაპოლიში” ერთი რომ მივიდა, მეორე – წავიდა. ნაკრებში ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებიან
სავარაუდო შემადგენლობები:
პსჟ: დონარუმა – ჰაკიმი, პაჩო, ერნანდესი, მენდეში – ზაირე-ემერი, ვიტინია, რუისი – დემბელე, დუო, ბარკოლა;
სიტი: ედერსონი – ლუისი, დიაში, აკანჯი, გვარდიოლი – სილვა, კოვაჩიჩი, დე ბრუინი – ფოდენი, ჰოლანი, სავინიო.
მსაჯი: მარცინიაკი (პოლონელმა საქართველო-საბერძნეთის ფინალი განსაჯა).
ქართველების სხვა მატჩები:
სამშაბათი, 21:45 სთ:
ატალანტა – შტურმი (ოთარ კიტეიშვილი);
23:59:
სლოვანი (გურამ კაშია) – შტუტგარტი.
ოთხაშაბათი, 21:45 სთ. გელზერკირხენი (სადაც საქართველომ პორტუგალია დაამარცხა):
შახტარი (ირაკლი აზაროვი) – ბრესტი.