“დიდი მადლის მომცემი იყო” – ეროვნული ნაკრების წევრები პატრიარქს შეხვდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები პატრიარქ ილია მეორეს შეხვდნენ. მიღება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა. პატრიარქმა ფეხბურთელები დალოცა.
ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თქმით, “პირადად ჩემთვის, ყოველთვის ოცნება იყო უწმინდესთან შეხვედრა. დღეს ეს ოცნება ამიხდა და მადლობელი ვარ ამისთვის”.
ფეხბურთელ ოთარ კიტეიშვილი ამბობს, რომ პატრიარქთან შეხვედრა “ძალიან დიდი მადლის მომცემი იყო”.
“დიდი მადლობა პატრიარქს მასპინძლობისთვის, მისი ლოცვა-კურთხევა ყოველთვის თან დაგვყვება” – აღნიშნა მან.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ილია მეორეს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ “ეს წარმატება თქვენი კურთხევისა და უფლის წყალობის გარეშე ვერ მოვიდოდა“.
არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილის თქმით, “ლამაზი და თბილი შეხვედრა იყო, მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის, რომ ერი ასე გააერთიანეს და გაახარეს მათი თამაშით და წარმატებები უსურვა”.