სამოგზაურო ინტერნეტის მიმწოდებელი ოპერატორი MobineX გეოგრაფიული გაფართოების მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, მარიამ კაკაბაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ამჟამად MobineX-ის მომსახურება ბრიტანეთის შემდეგ უკვე სომხეთის ბაზარზეც ხელმისაწვდომია, ხოლო მოთხოვნა უკვე აშშ-დანაც შეინიშნება, რაც ამ ბაზარზე გასვლის მოტივაციაა.
„მესამე ზაფხულია, რაც ჩვენს მომხმარებლებს სამოგზაურო ინტერნეტით უზრუნველვყოფთ. ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ჩვენი სერვისი, ისე ბაზარიც. ამ ეტაპზე, უკვე გავედით სომხეთის ბაზარზე, სადაც ჩვენი სერვისი 8 თვეა ოპერირებს. სპეციალურად სომხური ბაზრისთვის შეიქმნა ლოკალური ვებგვერდი, შესაძლებელია ტრანზაქციები სომხურ ვალუტაში, გვაქვს სომხურენოვანი მხარდაჭერა და ადგილობრივი დასაქმებულებიც გვყავს, თუმცა მხარდაჭერის გუნდის ძირითადი ნაწილი სომხეთში საქართველოდან მუშაობს“, – აღნიშნა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, სომხეთში ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, ფიზიკური SIM-ბარათებზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება. სექტემბერში კი ნათელი გახდება, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ამ ბაზარზე კომპანიის შესვლა. ის დასძენს, რომ მომხმარებლებისთვის ტარიფები დაახლოებით ანალოგიურია საქართველოს ბაზართან, განსხვავება მხოლოდ ვალუტის კონვერტაციაშია.
აღსანიშნავია, რომ MobineX-ი საქმიანობას დისტანციურად ახორციელებს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია eSIM-ის სერვისების განვითარების კუთხით. კომპანიის დაფარვა მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და სწორედ ეს გლობალური მახასიათებელი აძლევს ოპერატორს შესაძლებლობას, რომ სხვა ბაზრებზეც იფიქროს.
„აშშ-დან ლოკალურ SIM-ბარათებზე არის მოთხოვნა, ამიტომ იქ განვითარებაზეც ვფიქრობთ. რაც შეეხება ბრიტანეთის ბაზარს, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა, მომხმარებლის ზრდა შედარებით ნელია, ბაზარი დიდია და შესაძლებლობებიც – ფართო“, – აღნიშნა MobineX-ის თანადამფუძნებელმა.
ის დასძენს, რომ ბრიტანეთის ბაზარზე შესვლამ განსაკუთრებული როლი ითამაშა ბაზრების დივერსიფიცირებასა და გაფართოებაში.
