დეფიციტურ სპეციალობებში უმცროსი ექიმები რეზიდენტურის გარეშე სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვებიან – მიხეილ სარჯველაძე

დეფიციტურ სპეციალობებში, სამუშაო სტაჟისა და კლინიკური გამოცდილების მქონე უმცროს ექიმებს, რომელთაც რეზიდენტურა არ გაუვლიათ, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ.- განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა მ განაცხადა.
„უმცროსი ექიმებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო რეზიდენტურის პროგრამის გავლა ვერ შეძლო, მაგრამ აქვთ შესაბამისი ვადის პრაქტიკული გამოცდილება, გათვალისწინებულია ახალი შესაძლებლობა — ისინი დაიშვებიან სასერტიფიკაციო გამოცდაზე, რომელიც თავის მხრივ, აუცილებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისთვის“, — განაცხადა სარჯველაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიხედვით, დეფიციტურ სპეციალობებში დასაქმებულ უმცროს ექიმებს, ვინც ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა უკვე ჩააბარა და კლინიკაში, რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრული ვადით მუშაობს, 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გავიდნენ და მიიღონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.
სამინისტრომ უკვე განსაზღვრა დეფიციტური სპეციალობების ნუსხა, სადაც გათვალისწინებულია ექიმთა სერტიფიკატები, დასაქმების ფაქტობრივი მაჩვენებლები, ასაკობრივი და გეოგრაფიული განაწილება, რეზიდენტურაში სწავლის მონაცემები და სხვა.
დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხაში შედის:
· ფსიქიატრია
· რადიაციული ონკოლოგია
· ბავშვთა გასტროენტეროლოგია
· პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია
· ბირთვული
· კარდიოქირურგია
· ნეიროქირურგია
· ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
· ნეფროლოგია
· გადაუდებელი მედიცინა
· ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა
· ბავშვთა ინფექციური სნეულებები
· ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია
· ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია
· პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
· ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
· რევმატოლოგია
· სასამართლო მედიცინა
„უკვე დამტკიცებული და გამოცემული ცვლილების მიხედვით, დაახლოებით, 800-ია იმ უმცროსი ექიმების რიცხვი, ვისაც რეალურად შეეხება ახალი ნორმები. თუ მათ ექნებათ სურვილი, გააგრძელონ საექიმო საქმიანობა, ცვლილებით, სწორედ ასეთი შესაძლებლობა ენიჭებათ. თუმცა, ამისთვის, აუცილებელი წინაპირობა სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარება იქნება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ბევრი გამოწვევის გათვალისწინებით, ექიმებმა, ვინც ვერ შეძლო რეზიდენტურის გავლა სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ თავიანთი პრაქტიკული საქმიანობით უზარმაზარი გამოცდილება დააგროვეს, გაუჩნდებათ შესაძლებლობა, გაიარონ გამოცდა, რომელიც გაზომავს მათ რეალურ შესაძლებლობებს, კვალიფიკაციას, უნარ-ჩვევებს. სწორედ ამის საფუძველზე მიენიჭებათ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.