დეპუტატები სპეციალური საგამოძიებოს ხელმძღვანელს მიმართავენ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები თამარ კორძაია და ხატია დეკანოიძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს მიმართავენ და მოუწოდებენ, გამართოს ბრიფინგი და საზოგადოებას გააცნოს მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაცია აქტივისტებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე პოლიციის მხრიდან ძალადობის საქმეების შესახებ:
„მე მივმართავ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, დროა გამოვიდეს და წარუდგინოს საზოგადოებას ანგარიში რა კონკრეტული ღონისძიებები განახორციელა 2 მაისს აქციაზე დაზარალებულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით. ეს მისი პირდაპირი ფუნქციაა, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლასთან დაკავშირებით გააკეთოს განცხადება, რა ღონისძიებები გაატარა. ირაკლი წიგნაძე, გურამ ადამია, , დავით ქაცარავა, გახდნენ სპეციალური სამსახურების ძალადობის მსხვერპლი.
ამის გამოძიება არის კოკა კაციტაძის უწყების ფუნქცია. ამიტომ, მოვითხოვ ჩაატაროს საჯარო ბრიფინგი და გასცეს შემდეგ კითხვებს პასუხი. შედგა თუ არა თითოეულზე დაკავების ოქმი, კონკრეტულად რომელი ქვედანაყოფი იდგა შესაბამის ადგილებში, ვინ იყო ხელმძღვანელი და ვინ იყვნენ შემადგენლობის წევრები. კონკრეტული სახელები და გვარები როგორც სპეციალური დანიშნულების რაზმიდან, ასევე პოლიციიდან. ვინ და რა დროს გამოიძახა სასწრაფო დახმარება დაზარალებულების გადასაყვანად.
რომელმა ეკიპაჟმა გადაიყვანა ისინი და გაფორმდა თუ არა საავადმყოფოში მიყვანის ფაქტი. ვინ გამოიკითხა ან დაიკითხა ამ საქმეებზე? ყველა ამ ქეისზე უნდა არსებობდეს ეს დოკუმენტაცია. გამოვიდეს კოკა კაციტაძე და აცნობოს საზოგადოებას რომელ ქეისზე რა დოკუმენტია მისთვის წარდგენილი“ — აცხადებს თამარ კორძაია.
დეპუტატები აცხადებენ, რომ კითხვები აქვთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც, რომელსაც ამ დრომდე არ დაუკავებია მოძალადე ჯგუფების მიერ აქციის მონაწილეებსა თუ პოლიტიკოსებზე თავდასხმის ფაქტები. ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ დეპუტატები აგროვებენ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში გავგზავნით იმისათვის, რომ პოლიციის კონკრეტული მაღალჩინოსნები დაისაჯონ:
„ჩვენ ამ მტკიცებულებების ერთობლიობას, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში გასაგზავნად იმისათვის, რომ პოლიციის კონკრეტული მაღალჩინოსნები დასანქცირდნენ წამებისთვის, რაც ჩაიდინეს მაგალითად დავით ქაცარავას მიმართ. ეს ადამიანები დაისჯებიან ყველა,“ — აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილე დავით გოგილაშვილი: ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, რომ წაერთმიათ

„არსის“ დირექტორი: ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება