დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში ნათქვამია, რომ „ანტიკორუფციული ბიუროს შექმნამ მნიშვნელოვნად შეცვალა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის არქიტექტურა“

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში ნათქვამია, რომ „ანტიკორუფციული ბიუროს შექმნამ მნიშვნელოვნად შეცვალა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის არქიტექტურა“. ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით.
დოკუმენტის თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროს უფლებამოსილებები ფართოვდება და დარღვევებზე მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლებამოსილება მიენიჭება.
უფრო კონკრეტულად ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერებისთვის შემდეგი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება: ანტიკორუფციული ბიუროსათვის, მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე ( პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი) მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შექმნა და გაუმჯობესება (ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლებამოსილების მინიჭება, სახდელის სახეების და ოდენობის გადახედვა), თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ პირთა წრის გადახედვა (გაფართოება), საჯარო დაწესებულებების მიერ რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე რეაგირების მიზნით ბიუროს მანდატის გაძლიერება, ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ დეკლარაციის შემუშავება, საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) მონიტორინგის პროცესის კოორდინაციის უზრუნველყოფა ( ამავე დოკუმენტის თანახმად, GRECO-ს 16 რეკომენდაციიდან 8 სრულყოფილად შესრულდა, 6 ნაწილობრივ, ხოლო 2 არ შესრულებულა), ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციური გაძლიერება (მოიცავს შიდა სტრატეგიის შემუშავებასა, ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს), ანტიკორუფციული პოლიტიკის სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, მეთოდოლოგიური დოკუმენტების განახლება/ გაუმჯობესება, საინფორმაციო-ანალიტიკურ ბაზებზე ანტიკორუფციული ბიუროს პირდაპირი წვდომის უზრუნველყოფა, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ კორუფციული რისკების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო უფლებამოსილებების განხორციელებისას.
შეგახსენებთ, ანტიკორუფციული ბიურო პარლამენტის მიერ დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონში“ ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა. ანტიკორუფციული ბიურო პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, ბიუროს უფროსს 6 წლის ვადით პრემიერ-მინისტრი ნიშნავს იმ კანდიდატთაგან, რომელსაც სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებული კომისია შეარჩევს.

ასევე დაგაინტერესებთ