დენის ტარიფის ზრდა ინვესტორებისთვის იქნებოდა სიგნალი, რომ სადგურების აშენება PPA და CFD-ის გარეშეც შესაძლებელია – აბრამიშვილი (bm.ge)

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის უცვლელად დატოვება არათანმიმდევრულობის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითია – ამის შესახებ BMG-სთან GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი საუბრობს.
მისი შეფასებით, ბაზარი, მათ შორის, სადისტრიბუციო კომპანიები, ტარიფის კორექტირების მოლოდინში იყვნენ, რათა ის დაგეგმილი საინვესტიციო ვალდებულებები შეესრულებინათ, რაც მოძველებული ქსელის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა.
„ეს იმ არათანმიმდევრულობის ნაწილია, რაზეც ბიზნესი ძალიან სენსიტიურად რეაგირებს. ამის პირველი ბენეფიციარები იყვნენ სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებსაც დაგეგმილი ინვესტიციები უნდა განეხორციელებინათ და ვალდებულებები შეესრულებინათ. რაც საკმაოდ ლოგიკურია, იმიტომ, რომ ჩვენი ქსელი, მოგეხსენებათ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და პატარა თოვლზეც კი, რეგიონები ითიშება. ამას მიხედვა უნდა და ინვესტიცია სჭირდება. შესაბამისად, საბოლოო ჯამში ეს ხარჯები ტარიფში უნდა აისახოს, სხვა გზა არ არსებობს“, – ამბობს აბრამიშვილი.
GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ასევე, ფიქრობს, რომ ტარიფის ზრდა ახალი ინვესტორებისთვის სიგნალი იქნებოდა, რომ ახალი სადგურების აშენება მთავრობასთან გრძელვადიანი გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების გარეშეც შესაძლებელია.
“საბოლოო ჯამში, ეს საბითუმო ფასზეც იქონიებდა ზეგავლენას და შესაბამისად, ვიღაცებისთვის [ინვესტორებისთვის] შეიძლება, უკვე ნელ-ნელა აქტუალური გამხდარიყო, რომ პირდაპირი ხელშეკრულება კი არ ჰქონდეს მთავრობასთან – ე.წ. PPA ან CFD ტარიფი, არამედ საბითუმო ბაზრის ფასის ენდოს და ჰიდრო, მზის ან ქარის სადგურების მშენებლობაში ინვესტიციები განახორციელოს. ჯერჯერობით, ეს მოლოდინი დაპაუზდა და ვნახოთ, როგორ განვითარდება“, – ამბობს აბრამიშვილი BMG-სთან.
29 დეკემბერს სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის გადავადების გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად, პირველი იანვრიდან, ელექტროენერგია არ გაძვირდა, როგორც ამას მარეგულირებელი აანონსებდა. სემეკში ტარიფების გადახედვის 3 მიზეზს ასახელებენ – მთავრობასთან კონსულტაციებს, კომპანიების თხოვნას და დაუზუსტებელ ბალანსს. სემეკის სხდომის შემდეგ გაირკვა, რომ ენერგოკომპანიებს მარეგულირებელთან შეთანხმებული საინვესტიციო ვალდებულებების კორექტირებაც მოუწევთ, რათა ტარიფის ზრდა მტკივნეული არ იყოს.