დემონსტრანტები რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნისკენ წავიდნენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილი ათიათასობით დემონსტრანტი, რომლებიც „აგენტების კანონს“ აპროტესტებენ, რამდენიმე წუთის წინ დაიძრნენ გმირთა მოედნისკენ, სადაც დემონსტრანტთა შედარებით მცირე ჯგუფს საავტომობილო გზის ნაწილი აქვს გადაკეტილი.
დემონსტრანტები 21:15 საათისთვის უკვე ფილარმონიასთან არიან და გზას აგრძელებენ.
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ნაწილი ხუთშაბათ საღამოს გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო გზა გადაკეტეს.
მათ ესტაკადის ერთი ნაწილი, საბურთალოდან სანაპიროზე მიმავალი გზა დაიკავეს.
პოლიციამ იქ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა – პოლიციის განმარტებით, დემონსტრანტთა მცირე რაოდენობა არ აძლევდა მათ უფლებას, საავტომობილო გზა გადაეკეტათ.
სწორედ ამის გამო წავიდნენ რუსთაველიდან გმირთა მოედნისკენ აქციის მონაწილეები.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლებასთან განმარტა, რომ პროტესტის ამ მეთოდით სურთ, დისკომფორტი შექმნან და რაც შეიძლება, ბევრ ადამიანს მიაწვდინონ ხმა. აქციაზე ისმის შეძახილები, “არა რუსულ კანონს”, “გამოდით”.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება