თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მსვლელობის მონაწილეებთან იარაღით „დამუქრების“ საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2009 წელს დაბადებულ ბიჭს (15-16 წლის ახალგაზრდას) 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მსვლელობის მონაწილეები „სიტყვიერად დაუპირისპირდნენ“ რამდენიმე ადამიანს „საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება“. განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან აქციის მონაწილეები.
„ამოვედით ფილარმონიასთან და იქიდან ექვს-შვიდკაციანი ჯგუფი აგვეკიდა და ჩვენს შეძახილებზე შეურაცხმყოფელ შეძახილებს აკეთებდნენ. აშკარად პროვოკაციულად იქცეოდნენ. ცდილობდნენ ჩვენს გამოწვევას ჟესტიკულაციითაც“, – უთხრა „TV პირველს“ მარშის ერთ-ერთმა მონაწილემ, გოტა ჭანტურიამ.
შემთხვევა დღეს, 15 სექტემბერს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს იძიებს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით. უწყების ცნობით, ამოღებული „იარაღი“ პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, არის პნევმატური პისტოლეტი.
ფორუმი
