დემოკრატი ლიდერები ჯო ბაიდენის კანდიდატურას მხარს უჭერენ

დემოკრატიული პარტიის წამყვანმა წევრებმა პრეზიდენტ ს მხარდამჭერი, მტკიცე განცხადებები გააკეთეს. ისინი ეწინააღმდეგებიან მოსაზრებას, რომ ხუთშაბათს გამართულ დებატებზე თავის წარმოჩენის შემდეგ, პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანია უნდა შეწყვიტოს. გასულ კვირას ჯო ბაიდენი მის სავარაუდო რესპუბლიკელ მეტოქეს, დონალდ ტრამპს დებატებში დაუპირისპირდა, რომლის შემდეგაც ბევრმა ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ზოგჯერ არათანმიმდევრული, ზოგჯერ გაუგებრად შეწყვეტილი პასუხების გამო, პარტიამ, შესაძლოა, მის ჩანაცვლებაზე უნდა იფიქროს.
პრეზიდენტის დემოკრატმა მოკავშირეებმა აღიარეს, რომ 81 წლის მოქმედ პრეზიდენტს CNN-ის ეთერით გადაცემული დებატებისას რამდენჯერმე გაუჭირდა წინადადებების დამთავრება, შეცდომით თქვა, რომ დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააუქმა, და ა.შ.
CBS-YouGov-ის ერთობლივი, ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72 % არ ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენს აქვს “მენტალური ან გონებრივი ჯანმრთელობა იმისთვის, რომ პრეზიდენტის პოსტზე იმუშაოს”. ამ კითხვაზე მსგავსი პასუხი, 3 კვირის წინ, 7 %-ით ნაკლებ მოქალაქეს ჰქონდა. თუმცა, ბაიდენსა და ტრამპს შორის რეიტინგები კვლავ მცირედით განსხვავდება.
დემოკრატიული პარტიის ოფიციალური პირები ეწინააღმდეგებიან სხვადასხვა ანალიტიკოსის თუ გავლენიანი მედიასაშუალებების სტატიებში გამოთქმულ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ ბაიდენმა კანდიდატურა უფრო ახალგაზრდა დემოკრატი პოლიტიკოსის სასარგებლოდ უნდა მოხსნას.
“სამწუხარო სიმართლე ისაა, რომ ბაიდენი კამპანიას უნდა გამოეთიშოს, იმ ერის საკეთილდღეოდვე, რომელსაც ასე აღმაფრთოვანებლად ემსახურა ნახევარი საუკუნის განმავლობაში”, – დაწერა გამოცემამ “ატლანტა ჯორნალ-კონსტიტუცია”, წამყვანმა გაზეთმა მნიშვნელოვანი სამხრეთული შტატიდან: “პენსიის ჩრდილი ახლა პრეზიდენტ ბაიდენისთვის აუცილებელია”, – დასძენენ გამოქვეყნებულ სვეტში.
“ნამდვილად არა. ცუდი [წარუმატებელი] დებტები ხდება. შეკითხვა ისაა, ვის დახმარებია პრეზიდენტი , ოდესმე, საკუთარი თავისა და მისი მსგავსი ხალხის გარდა?” – თქვა ჯორჯიის შტატის დემოკრატმა სენატორმა რაფაელ უარნოკმა, NBC-სთან ინტერვიუში. “მე ჯო ბაიდენის გვერდით ვარ. ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ, რომ ის ნოემბერში ფინიშის ხაზს გადაკვეთს”, – ამბობს ის.
ბაიდენის მტკიცე მხარდაჭერი, სამხრეთ კაროლინის შტატის წარმომადგენელი კონგრესში ჯიმ კლიბურნი კი ამბობს, რომ დარწმუნებულია, ჯო ბაიდენს მომდევნო 4 წლის განმავლობაში ლიდერობის პრობლემა არ ექნება სწორედ იმის გათვალისწინებით, როგორც გასული სამწელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდა. “ყოველთვის იმას ვამბობ, რომ მომავლის ქცევის განსაჭვრეტად საუკეთესო მაჩვენებელი ისაა, რაც უკვე გაკეთდა”, – ამბობს კონგრესმენი. მისი შეფასებით, ის რაც დებატებისას მოხდა, პირიქით, ზედმეტ მომზადებასთან დაკავშირებული პრობლემა იყო.
მერილენდის შტატის გუბერნატორმა უეს მურიმ კი CBS-თან ინტერვიუში თქვა, რომ პრეზიდენტს “რთული საღამო” ჰქონდა, ისევე, როგორც “ყოველ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს”. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო არჩევნებს გამოეთიშოს. “ჯო ბაიდენი არ იტყვის უარს კამპანიაზე და ეს არც უნდა გააკეთოს”, – ამბობს გუბერნატორი.
ბაიდენის კამპანიის უშუალო მესვეურები კი შაბათს გავრცელებულ წერილში ამბობენ, რომ პრეზიდენტის კანდიდატურის ჩანცვლება ქაოსს გამოიწვევს. მით უფრო მაშინ, როცა აგვისტოში დანიშნულ კონვენციამდე, დემოკრატთა ეროვნული შეკრებამდე, სულ ცოტა დროა დარჩენილი. ახალი კანდიდატის შერჩევის პროცესი კი, ამ ეტაპზე, საყოველთაო არჩევნებში დამარცხებისკენ მიმავალი გზა იქნება.
ქეით ბედინგფილდმა, კომუნიკაციების მიმართულებით ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ დებატების ღამის შემდეგ პრეზიდენტის კამპანიამ 33 მილიონი დოლარის შემოწირულობები მიიღო.
თუმცა, რესპუბლიკელი ლიდერები და ანალიტიკოსები დებატების ღამეს განსხვავებულად აფასებენ. სენატორი ლინდსი გრემი ამბობს, რომ ჯო ბაიდენი “ღირსეული კაცი”, მაგრამ “წარუმატებელი პრეზიდენტია”. მისი თქმით, მთავარი ისაა, რომ მსოფლიომ ამერიკის პრეზიდენტი ასეთ მდგომარეობაში იხილა, რაც მას მოწყვლად პოზიციაში ამყოფებს.
პრეზიდენტმა ბაიდენმა გასული უქმეები, ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში, კამპანიისთვის ფინანსების მოსაზიდ ღონისძიებებში მონაწილეობაში გაატარა, შემდეგ კი კემპ დევიდის რეზიდენციაში გაემგზავრა, ვაშინგტონთან ახლოს. იქ კვირას ბაიდენის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ იქ მათ კამპანიისა და პრეზიდენტის პერსპექტივაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ეს შეკრება დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი.
პრეზიდენტ ბაიდენს არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია იმის თაობაზე, რომ კამპანიის შეწყვეტას და კანდიდატურის მოხსნას აპირებს. პირიქით, პარასკევს, ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იცის, რომ ახალგაზრდა არაა.
“მე აღარ დავდივარ ისე ადვილად, როგორც ადრე. არ ვლაპარაკობ ისე მსუბუქად, როგორც ადრე. არ ვარ დებატებში ისეთი კარგი, როგორც ადრე. მაგრამ, ვიცი ის, რაც ვიცი: ვიცი, როგორ გითხრათ სიმართლე” – თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მეორე ვადით კენჭს არ იყრიდა, “მთელი გულით და სულით რომ არ სჯეროდეს, რომ ამის გაკეთება შეუძლია”.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ დაუშვილი – ყველაფერი კონკურენციაზე უნდა აეწყოს და ერთპიროვნული მმართველობა დავამთავროთ – ქვეყნის ყველა მეგობრის ცალსახა პოზიციაა, რომ „ოცნება“ ევროპული მომავლისთვის მუხრუჭია

ბადრი ჯაფარიძე – ეუთო-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნებისთვის იქნება ძალიან ძლიერი სადამკვირვებლო მისია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს რისკებს, კვლავ არ მოხდეს ხმების მიტაცება „ქართული ოცნების“ მიერ