სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Vogue-ში
ბოლო დღეებში, როცა მილანის დიზაინის უბანში მზიან ქუჩებში დავდიოდი, ყველგან ერთსა და იმავე სურათებს ვამჩნევდი. (ყოველ შემთხვევაში მაშინ, როცა ხალხის ნაკადს შორის შევძლებდი დანახვას: მათ ხელში გადაშლილი რუკები ეჭირათ და უსასრულო რაოდენობის გამოფენებს ამოწმებდნენ, რომლებიც მთელ უბანში იყო გაშლილი.) ბილბორდებზე ყველგან დემნას პირველი ჩანთების კამპანია იყო Gucci-სთვის: ქეით მოსი და ემილი რატაკოვსკი, რომლებიც მხოლოდ ჩანთით იფარავენ სხეულს ან აცვიათ მუხლამდე GG-ლოგოიანი ჩექმები და ენოტისებრი, ჩაშავებული თვალებით იყურებიან.
Gucci-ს კრეატიულ დირექტორად დანიშვნიდან ერთი წლის შემდეგ, დემნას ხედვა ფლორენციული მოდის სახლისთვის საბოლოოდ სრულად განხორციელდა. უკვე ბევრი დაიწერა მისი სადებიუტო ჩვენების შესახებ: გრანდიოზული დეკორაციით, სადაც უძველესი რომაული ქანდაკებების 3D-სკანირებული ასლები იყო, და მრავალფეროვანი ქასთინგით: 90-იანების ფეხბურთელები, ღამის ცხოვრების გოგონები, Gen Z-ის ოთახში მომღერალი რეპერები. (და, რა თქმა უნდა, ის თვალისმომჭრელი მინი ქვედაბოლოები და მაისურები.)
მაგრამ ამის ხელახლა განხილვა საჭირო არ არის. რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ მილანის თბილი გაზაფხულის დღეს ამ რეკლამების ნახვამ დემნას ხედვა ბევრად ნაკლებად შოკისმომგვრელად წარმოაჩინა. მცდელობა მქონდა, დამეთვალა ადამიანები, რომლებიც Gucci-ს ან ზოგადად ლოგოებით დატვირთულ ტანსაცმელს ატარებდნენ და ბევრი მათგანი პირდაპირ დემნას პოდიუმიდან ბრერას ქუჩაზე გადმოსულს ჰგავდა. მინიმუმ მილანში, ლოგომანია ცოცხალია. რაც, ფაქტობრივად, დემნას მიზანიც იყო.
ფოტო: GUCCI
შესაძლოა, იმ საღამოს, მილანის დიზაინის კვირეულის დროს, Gucci-ში ჩაცმული ზოგიერთი ადამიანი მიდიოდა Chiostro di San Simpliciano-ში, მონასტრის ეზოში, რომელიც კორსო გარიბალდის უკან მდებარეობს. იქ, ყოფილი მონასტრის ცენტრში, უზარმაზარი შავი პავილიონი იდგა, თითქოს 2001: კოსმოსური ოდისეას მონოლითს ჰგავდა. შიგნით, ფერადად ჩაცმული ხალხი QR-კოდიან ბილეთებს ავტომატში დებდა, რის შემდეგაც აპარატიდან ოთხიდან ერთ-ერთი კოქტეილი გამოდიოდა დემნას სადებიუტო La Famiglia-ს არქეტიპებით შთაგონებული: Drama Queen, Fashion Icon, Mega Pesantone ან Super Incazzata. მე Fashion Icon შემხვდა, პიტნით არომატიზებული ტეკილა, მარაკუიას სიროფი და ლიმონის წვენი, ვარდისფერ ქილაში, ზედმეტად თვალში საცემი ლოგოთი.
მაგრამ მთავარი სანახაობა უფრო შიგნით იყო. დიდი ეზოს შუაგულში, შადრევნის გარშემო, ველური ყვავილების მდელო იყო გაშლილი, თეთრ, ვარდისფერ და მუქ იისფერ ტონებში, წითელი ვარდებით გაფორმებული. არკადაში გამოფენილი 12 გობელენი Gucci-ს ისტორიას ჰყვებოდა, ინსტალაციას Gucci Memoria ერქვა.
ფოტო: GUCCI
ერთ გობელენზე ქალი, ბოტიჩელის სტილის ტალღოვანი თმით, ბროკადის მოსასხამში, ბროწეულს აწვდის სასტუმროს თანამშრომლის ფორმაში ჩაცმულ კაცს: ეს გუჩიო გუჩის Savoy Hotel-ში მუშაობის პერიოდზე მინიშნებაა. სხვაზე ხელოსნები ფლორენციის დუომოს ფონზე ტყავს ჭრიან და კერავენ. ერთ სცენაში სამი ძმა “სამი გრაციის” მსგავსად დგას, შემდეგში კი ერთმანეთს ეჩხუბება ქსოვილზე, რენესანსის სტილის ვილაში. ეს შეიძლება Gucci-ს ოჯახის ცნობილი კონფლიქტის ალუზიად ჩაითვალოს, რომელიც კომპანიას 1980-90-იან წლებში ემუქრებოდა და რომელიც რიდლი სკოტის ფილმში House of Gucci აისახა.
განსაკუთრებით საინტერესო იყო გობელენი ალესანდრო მიკელეს ეპოქაზე, დემნა და მიკელე კარგი ურთიერთობით არიან ცნობილი. აქ გამოსახული იყო გამოპრანჭული, წვერიანი ფიგურა ცხენზე, რომელსაც მიჰყავს ფიგურების მსვლელობა მათ შორის პატარა დრაკონი და საკუთარი მოჭრილი თავი, რაც ბრენდის 2018 წლის კოლექციას ეხება. ასევე იყო “ვენერას დაბადების” გოთიკური ვერსია, სადაც ფიგურას ეცვა ტომ ფორდის ეპოქის ლურჯი აბრეშუმის პერანგი, რომელიც მადონას 1995 წლის VMAs-ზე ეცვა.
ფოტო: GUCCI
ბოლო გობელენზე თავად დემნა იყო გამოსახული, Gucci-ს თანამედროვე ატელიეში, გეიმერის სკამზე გადახრილი, ტყავის ქურთუკით, რომელიც წითელ ქურთუკზე ბოლო დეტალებს ამატებს. ის თავადაც იმყოფებოდა გახსნის ღონისძიებაზე და აშკარად სიამოვნებდა სტუმრების რეაქციების ყურება.
ფოტო: Gucci
ზოგს ეს ყველაფერი ძალიან მოეწონა, ზოგს არა. ბოლოს და ბოლოს, დემნაა. ჩემთვის ეს ძალიან სახალისო იყო. მისი კოლექციებით დემნა თითქოს სარკეში ახედებს იტალიურ კულტურას და სვამს კითხვას: სად გადის ზღვარი ანტიკური და რენესანსის შედევრებსა და იმ კიჩურ სუვენირებს შორის, რომლებიც ტურისტულ ადგილებში იყიდება? როგორ მოიხმარს ხალხი რეალურად იტალიის კულტურას?
ეს შეიძლება ცინიკურადაც აღიქვა, მაგრამ მე ამას გულწრფელად ვხედავ. კოლიზეუმთან ან უფიცის გალერეაში ტურისტების მასაში ყოფნისას აშკარაა, როგორ გადაიქცა ეს ადგილები ერთგვარ დისნეილენდად. თანაც იტალიელები ზოგჯერ ზედმეტად სერიოზულად ეკიდებიან საკუთარ კულტურას. ყველაფერი, რასაც ქმნიან, არ არის აუცილებლად ელეგანტური, ზოგჯერ კიჩურიცაა. და ესეც მისი სილამაზის ნაწილია.
როგორც ყოველთვის, აქ კიდევ ერთი შრეა დამალული იმაში, რის თქმასაც დემნა ცდილობს. სანამ მონასტრის ეზოს დავტოვებდი, იქაურ თანამშრომელს ვკითხე, თუ სად და როგორ დამზადდა ეს გობელენები. აღმოჩნდა, რომ ისინი Tessitura Grassi-ს ნამუშევარია, ბერგამოს მახლობლად მცხოვრები ხელოსნების ოჯახისა, რომელიც 1950-იანი წლებიდან ქმნის გობელენებს. ისინი იყენებენ სპეციალურ დაზგებს ისეთივე რთული და ნატიფი ნამუშევრების შესაქმნელად, როგორსაც ვატიკანის მუზეუმებში თუ შეხვდებით.
ეს გამოფენა შეიძლება პროვოკაციული იყოს და მან ნამდვილად აალაპარაკა ხალხი, მაგალითად ვახშამზე, რომელსაც გახსნის შემდეგ დავესწარი, ცხარე დებატების მთავარი თემა იყო. თუმცა, ამავე დროს, გამოფენა ჭკვიანური და მახვილგონივრულიცაა. ძალიან სერიოზულად უდგება იმას, რაც სინამდვილეში სერიოზულად უნდა იყოს აღქმული: კერძოდ, Gucci-ს როლს, როგორც იტალიური ოსტატობის ტრადიციების მცველის.
მეტი რაღა უნდა ინატრო?