სუპერლიგის მე-9 ტური დღეს, გურჯაანში დაიწყო. კახეთის ქალაქს სათამაშოდ შიდა ქართლის გუნდი “ივერიონი” ესტუმრა. ეს გახლდათ პრინციპული მეტოქეების შეხვედრა, რომლებსაც ცხრილში გვერდიგვერდ იყვნენ. მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. გურჯაანის “დელტამ” გორის “ივერიონი” 82:75 (სტატისტიკა) დაამარცხა და ცხრილში მე-2 ადგილზე აღზევდა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ გურჯაანელებს მე-3-ზე მყოფ ზესტაფონის “მარგვეთზე” მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ამიტომაც, ცხრილში ადგილები დაკარგული ქულებით უნდა გადავითვალოთ და ასეთ შემთხვევაში პირველზე, ცხადია, დაუმარცხებელი თსუ-ა, მეორე-მესამე ადგილებს 2-2 მარცხის მქონე ვსა და “ქუთაისი” იყოფენ, ხოლო
მეოთხეზე 3-წაგებიანი “მარგვეთია”.
დელტას რაც შეეხება, გურჯაანის გუნდს 5 მოგება და 4 მარცხი აქვს და მოპოვებული ქულებით მე-2 ადგილზეა, თუმცა დაკარგული ქულებით გაცილებით დაბლა, ზემოთ ჩამოთვლილი გუნდების ქვეშაა. კახეთის წარმომადგენელმა დღეს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა. თამაშის უმეტეს დროს ჩამორჩებოდა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 4 წუთზე ნაკლები როცა რჩებოდა, 70:75 აგებდა.
აქ კი მოხდა ის, რაც ბევრი არ ელოდა. მატჩის დარჩენილი დრო დელტამ 12:0 (!) მოიგო და გამარჯვებაც მოიპოვა. რთული სათქმელია, რა შეემთხვათ გორელებს, ბოლო 3 წუთში, როცა მანამდე თითქმის ისინი ლიდერობდნენ, მაგრამ ფაქტია: ივერიონის მოთამაშეები ვერ აგდებდნენ, გურჯაანელთაგან კი თავი არაერთმა კალათბურთელმა, ძირითადად ლეგიონერებმა გამოიჩინეს.
სკილერ პოტერმა და ჯორდან სვოპშირმა არაერთი ბურთი ჩააგდეს, რასაც გორელთა აცილებული და დაკარგული ბურთები დავურთოთ და ყველაფერი ცხადი გახდება. გურჯაანელებმა ბევრად კარგად ჩაატარეს გადამწყვეტი პერიოდი და გამარჯვებაც დაიმსახურეს. დელტაში 23 ქულით და 9 მოხსნით სკილერ პოტერი გამოირჩა, ჯორდან სვოპშირმა კი 22 ქულა, 3 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. გორელთაგან 19 ქულით საუკეთესო იყო რეჯი მესიდორი. პ12 ქულა რევაზ როგავას ანგარიშზეა.
სუპერლიგის მე-9 ტურის მომდევნო 2 მატჩი 14 დეკემბერს, დიღმის არენაზე გაიმართება: რაში – ბათუმი, ვსა – კავკასია.