„დელივერო“ შეკვეთებს დრონებით მიაწვდის

კომპანია „დელივერო“, კომპანია „მანასთან“ ერთად, დუბლინში, დრონების საშუალებით, შეკვეთების მიწოდებას იწყებს.
სატესტო ეტაპი უახლოეს დღეებში დაიწყება და სერვისით სარგებლობა ბლანჩარდსტაუნის რაიონის 3 კმ-ის რადიუსში მცხოვრებ ადამიანებს შეეძლებათ.
„დელივეროს“ განცხადებით, მომხმარებლებს ადგილობრივ რესტორნებში მიცემული შეკვეთის შესრულებიდან სულ რაღაც სამ წუთში მისი მიღების საშუალება ექნებათ.
როგორც კომპანია იუწყება, მისი მიზანია სერვისის რაც შეიძლება მეტ რესტორანზე განვრცობა და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში სასურსათო და საცალო მიწოდების დაწყება.
დრონები „მანას“ ადგილობრივი მიწოდების ცენტრში იქნებიან ბაზირებულნი და 80 კმ/სთ-მდე სიჩქარით იფრენენ.
დანიშნულების ადგილზე მისვლისას, დრონი ჩერდება და საკვებს მიწაზე, სადარბაზოს მისასვლელთან ან ბაღის ტერიტორიაზე უსაფრთხო, ბიოდეგრადირებადი ბაგირის საშუალებით დაუშვებს.
„მოუთმენლად ველით იმის დადგენას, თუ როგორ დაგვეხმარებიან დრონები ახალი მომხმარებლებლების მოზიდვაში და როგორ მოერგებიან ისინი არსებულ მოდელს. წარმატების შემთხვევაში, დრონებით შეკვეთების მიწოდებას მთელ ირლანდიასა და სხვა ბაზრებზეც განვავრცობთ“, – განაცხადა „დელივეროს“ მთავარმა ბიზნეს-ოფიცერმა, კარლო მოჩიმ.
დუბლინ 15-ის ტერიტორიაზე, სადაც ბლანჩარდსტაუნის რაიონი მდებარეობს, კომპანია „მანას“, შეკვეთების მისაწოდებლად, უკვე 170 000-ზე მეტი ფრენა აქვს შესრულებული.
„ავიამიწოდება სწრაფი, სუფთა და უსაფრთხო სერვისია, რაც ადგილობრივ ბიზნესს უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვის საშუალებას აძლევს“, – ამბობს „მანა ეარ დელივერის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ბობი ჰილი.
თუმცა, დუბლინ 15-ის არეალში მცხოვრებლებმა უკვე გამოთქვეს უკმაყოფილება დრონების ხშირი ფრენის შედეგად გამოწვეული ხმაურის გამო.
ადგილობრივებმა ეს ხმა გაზონის საკრეჭის და მოპედის ზუზუნს შეადარეს და აღნიშნეს, რომ ის მეტად შემაწუხებელი და გამაღიზიანებელია.
ასევე გამოითქვა შეშფოთება კონფიდენციალურობის შესაძლო დარღვევის შესახებ იმის გამო, რომ დრონებზე კამერებია დაყენებული.
ამიტომ, უკვე გაისმის მოწოდებები ამ სფეროს უკეთ რეგულირების თაობაზე.
კომპანია „მანას“ განცხადებით, საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას ის სერიოზულად ეკიდება და ადგილობრივ მცხოვრებლებთან და ჯგუფებთან უკვე ჰქონდა კომუნიკაცია.
კომპანია პირობას დებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, ხმაურის დონის შემცირების რამდენიმე მეთოდს გამოიყენებს.
„მანას“ ვარაუდით, უფრო მაღალ სიმაღლეებზე ფრენა და შედარებით უხმო პროპელერების გამოყენება ხელს შეუწყობს ხმაურის პრობლემების მოგვარებას.
კომპანიის განმარტებით, დრონებზე კამერები უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყენდება, რათა დადასტურდეს, რომ დრონის ფრენის ზონა დაბრკოლებებისგან თავისუფალია.
„მანა“ ასევე ადასტურებს, რომ კამერები რაიმე მონაცემებს არ იწერენ, არ ინახავენ და არ გადასცემენ, რაც სრულ შესაბამისობაშია მონაცემთა დაცვის რეგულაციებთან.
1არხი