დევიდ ო'სალივანი მაკა ბოჭორიშვილს: ამ წერილით ასევე მსურს, გაგაფრთხილოთ, რომ…

“[…] რაც შეეხება სავაჭრო შეზღუდვებს, ევროკავშირში მაღალი პრიორიტეტის მქონე საქონლის (Common High Priority – CHP) და ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის (Economically Critical Goods – ECG) რეექსპორტის მონიტორინგი და შეზღუდვა კავშირის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ეს საქონელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო ან სამრეწველო კომპლექსისთვის და მათი გადამისამართების თავიდან აცილება ჩვენი ზომების ეფექტიანობისთვის აუცილებელია. ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას ამ მიმართულებით და გთხოვთ, გააგრძელოთ იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული ასეთი მგრძნობიარე საქონლის რუსეთში ტრანზიტისთვის ან რეექსპორტისთვის.
ევროკავშირს აქვს ინსტრუმენტები, რათა სანქციების სიაში შეიყვანოს მესამე ქვეყნების ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტები, რომლებიც იყენებენ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მიზნით შექმნილ სპეციალიზებულ ფინანსურ სისტემებს, როგორებიცაა ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა (SPFS), სწრაფი გადახდების სისტემა (SBP) და რუსეთის ეროვნული საგადახდო ბარათების სისტემა (MiR) ან უფრო ზოგადად ახორციელებენ ტრანზაქციებს, რომლებიც აფერხებს ჩვენი სანქციების მოქმედებას ან მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ძალისხმევას. ამ წერილით ასევე მსურს, გაგაფრთხილოთ, რომ ასეთი ფინანსური ინსტიტუტების იდენტიფიცირების შემთხვევაში მათ, შეიძლება, ევროკავშირში ტრანზაქციების აკრძალვა დაეკისროთ.
თქვენი ვალდებულება, რომ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიის გავლით არ მოხდება, მომავალშიც ყურადღებით იქნება მონიტორინგის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, შესაბამისი ზომები მივიღოთ, რათა ჩვენი სანქციები არ დასუსტდეს”, – ნათქვამია სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, დევიდ ო'სალივანის მიერ  საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისთვის გამოგზავნილ წერილში, რომელსაც პირველი არხი ავრცელებს.